28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება.  ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს, კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად,  მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი  და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More   წარდგება.

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

პეტ მეთინი 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ჩვენი დროის ყველაზე ორიგინალური ჯაზ-გიტარისტი, ლეგენდარული პეტ მეთინი ერთადერთი არტისტია მუსიკის ისტორიაში, რომელსაც გამარჯვება აქვს მოპოვებული გრემის 10 სხვადასხვა კატეგორიაში. 

მის მიერ შესრულებული მუსიკა რთულია რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას მიაკუთვნო, მაგრამ ცალსახაა, რომ მეთინი არის უნიკალური შემსრულებელი, რომელიც სცდება ჯაზის საზღვრებს. ჯაზ-გიტარისტი იმ იშვიათი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეასრულონ ის მუსიკა რომელიც მათ სურთ და ამასთანავე არსდროს დაკარგონ მსმენელის სიყვარული.

Please follow and like us: