რას ნიშნავს იყო მომაკვდავი? როდესაც წინ თითქოს მთელი ცხოვრებაა და იცი, რომ დრო ყველაფრისთვის გაქვს, თუმცა მუდმივი ფიქრი სიკვდილზე გაგრძნობინებს, რომ მარადიული არაფერია და სიკვდილი გარდაუვალია, ყველა ჩვენგანი მოკვდავია და სიკვდილის შიში თრგუნავს ადამიანს, რადგან იცის, ის მაინც მოვა.

მონტენის თქმით, სიკვდილისთვის მზადების პირველი ეტაპი სიკვდილის გაცნობიერებაა. როგორც კი ადამიანი გააცნობიერებს სიკვდილის არსს, ის ხდება თავისუფალი და ბედნიერი. მაგრამ გვაძლევს კი სიცოცხლე უფლებას გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ და სიკვდილიც თითოეულ ჩვენგანშია? მუდმივად გვესმის, რომ ადამიანები იხოცებიან და ეს ხდება არა უბრალოდ, არამედ გარკვეული კანონზომიერებით და ერთმანეთისგან განსხვავებული ამბით. რატომ ვგრძნობთ თავს ცუდად, როდესაც ვიგებთ სიკვდილის ამბავს და რატომ ვხდებით უკეთ, როდესაც ამ ამბავს სხვა ამბავი გადაფარავს? სიცოცხლეს ვიწამლავთ სიკვდილზე ფიქრით, როცა მთავარი საზრუნავი სწორედ დროებითი სიცოცხლის უზრუნველყოფაა. თუმცა, ნუთუ ადამიანს ძალუძს გადაიტანოს ყველაფერი თუნდაც მთელი სიცოცხლის ფასად? ნუთუ შესაძლებელია ვიყოთ მშვიდად, როდესაც ვიცით, ძალიან ბევრს ჩვენი დახმარება სჭირდება და დასაშვებია სწორედ ამ დახმარებამ იხსნას არაერთი სიცოცხლე?

არსებობს კი ზღვარი სიცოცხლესა და სიკვილს შორის? თუ ყოფნას არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არყოფნასთან, სიცოცხლეს-სიკვდილთან, მაშ რა აზრი აქვს სიცოცხლეს თუ ვიცით, რომ მას სიკვდილი ისევე ალამაზებს, როგორც ცას მზე და მთვარე?

ნათქვამია, რომ სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა იგი არ გემუქრება. თუმცა, როგორ შეიძლება მუდმივად გახსოვდეს სიკვდილი, როცა ბედნიერი ხარ? ადამიანიც ხომ ცხოველია და ჩვენ, მუდმივად ვფიქრობთ მხოლოდ მომავალზე, რომელიც სავსეა ჩვენი ოცნებებითა და იმედებით. მაგრამ რა დააშავა 12 წლის ბიჭმა, რომელიც პურის ფულის მოპოვებას შეეწირა? რა დააშავა 4 წლის გოგონამ, რომელიც სხვის აგრესიას ემსხვერპლა? რას აშავებს დედა, რომელიც უყურებს უსულოდ დარჩენილ შვილს და სძულს საკუთარი თავი, რომ სუნთქვის უფლება დარჩა, როცა სხეულის ნაწილთან ერთად სულის ნაწილი მოაგლიჯა სამყარომ?

დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე წაგვერთვა და მეც მძულს ჩემი თავი, რადგან არაფერი შემიძლია მათ გადასარჩენად და დედამიწაზე დარჩენილ უსუსურ მომაკვდავს მხოლოდ ისღა დამრჩენია ველოდო ჩვენს სიკვდილს, რომელიც აქვეა და არავინ იცის როდის მოვა.

შევძლებ კი ოდესმე გადავარჩინო სიცოცხლე?

ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: