ზოგჯერ შავ-თეთრი, ხანაც – ფერადი. დროდადრო-მოღიმარე, სხვა დროს კი – სევდიანი. ეს არის სახეები და განწყობები, რომლებიც ნათელა გრიგალაშვილის კამერის ობიექტივში პროფესიონალურად ხვდება. იმ ფონზე, რომ, დღევანდელ დღეს, ფოტოგრაფიით ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული და კადრიც ბევრია გადაღებული, ალბათ, რთულიც კია, იყო გამორჩეული, დაინტერესდნენ შენი ნამუშევრებით და ამოიცნონ ისინი მრავალთაგან. თუმცა, სრულყოფილი კადრების არსებობისთვის მომუშავე ფოტოფრაფი, ნათელა გრიგალაშვილი, სწორედაც რომ გამორჩეულია საკუთარი ხელწერით ამ დიდ სამყაროში.
ფოტოგრაფიით ის წლების წინ დაინტერესდა. მისი სურვილი, თავდაპირველად, კინოოპერატორობა გახლდათ – იმისთვის, რომ ამ მიმართულებისთვის მომზადებულიყო, საჭირო იყო ფოტოგრაფიის კურსის გავლა. ბოლოს კი, ისე გამოვიდა, რომ კინოოპერატორობის ნაცვლად მისი ცხოვრება პროფესიონალური ფოტოგრაფიის კვალდაკვალ წარიმართა.
თავიდან ის დეტალებს თავისით სწავლობდა. ამის შემდგომ, მან ერთწლიანი სასწავლო კურსი გაიარა. ამ კურსის დასრულების შემდეგ, ძალიან მალევე, მან რედაქციაში ფოტორეპორტიორად დაიწყო მუშაობა.
ძირითადად, რას იღებთ?
მე ვმუშაობ პროეტებზე, რომლებიც მე თვითონ მაინტერესებს. ეს თემები გახლავთ ეთნიკური უმცირესობები და არა მხოლოდ ეთნიკური, არამედ – სხვა ტიპის უმცირესობებიც. რეგიონებში ვეძებ და ვიღებ სხვადასხვა თემას და ეს არის ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება. მე ვარ ფოტოდოკუმენტურ ჟანრში მომუშავე ფოტოგრაფი და ვმუშაობ სხვადასხვა სოციალურ საკითხზე.
რას მიიჩნევთ ფოტოგრაფიაში თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?
მე ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, ვიმუშაო ჩემთვის სასურველ სხვადასხვა პროექტზე.
როგორც საკუთარი საქმის მოყვარული არაერთი ხელოვანისთვის არის დამახასიათებელი, ნათელა გრიგალაშვილისთვისაც არის საინტერესო, რომ საკუთარი ფოტოგრაფიული გამოცდილება, უნარები და შესაბამისი ინტერესები იმ ადამიანებს გაუზიაროს, ვისაც სურს ჩვეულებრივისგან განსხვავებული კადრების გადაღება – ჰყავს მოსწავლეები და, მათ გარდა, აქტიური ურთიერთობა აქვს საკუთარ კოლეგებთან.
ამ ეტაპისთვის, ფოტოგრაფი ერთობლივად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ცხადია, სხვადასხვა ტიპის უმცირესობა მისი პროექტების წამყვანი ხაზია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მათი მახასიათებლების, ყოფა-ცხოვრების, წესებისა და ადათების ასახვა მისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ამას გარდა, მისი ფოტოები უამრავ ინფორმაციასა და იმ მარაგს იტევს, რომელსაც ვერ გაიგებ, თუ მათი ცხოვრებით არ დაინტერესდი და ახლოდან არ “უთვალთვალე”.
მარიამ ტიელიძე