პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გასახორიცხელებელ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დაინერგება „ახალი სკოლის“ მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე .

ახალი მოდელი გულისმობს სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას და გადამზადებულ პედაგოგებს.

„ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში მოხდება.

„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო  რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

Please follow and like us: