„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციონერი იქნება თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხალხი, რომელიც კანონის შექმნაზე და მის დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, თავს არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას, რომ ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით“,- ასე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრებს.

კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ ია კერზაიას ოჯახსა და ნათესავებს მიუსამძიმრა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.

„ამ საკითხზე მორალური საუბრის უფლება დეპუტატებს შორის ოპოზიციიდან, აქვს გამონაკლის რამდენიმე ადამიანს. დანარჩენებს არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ამ საკითხზე ილაპარაკოთ. უფლება იმიტომ არ გაქვთ, რომ არ გახსოვთ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც კომიტეტის ჩატარება მოგითხოვიათ არასოდეს, იმ შემთხვევებზე, რომ თქვენი კოლეგის, ზაქარია ქუცნაშვილის დედაც ზუსტად თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, სკოლიდან გააგდეთ პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს წინ ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა, იმიტომ, რომ გჭირდებოდათ ამ ადამიანის წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ საკომიტეტო განხილვას, აქ ერთ ადამიანს თუ სჯერა დარბაზში, დღეს, ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა რომ ჩავაბაროთ რომელიმე ოპოზიციონერს, ეს ხალხი თუ ჩაატარებდა რამე მსგავს, ღია განხილვას ასეთ თემაზე. არ ჩაატარებდნენ! ამ დარბაზში, როდესაც სახალხო დამცველის აპარატში ვმუშაობდი და უმძიმეს დარღვევებზე მოგვქონდა ანგარიშები, ეს დარბაზი იყო ცარიელი“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ის, რომ დღეს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკომიტეტო მოსმენაზე იმყოფება, მისი მორალური პასუხისმგებლობაა. „ეს არის მისი მორალური პასუხისმგებლობა, რომ მოვიდა საჯაროდ, მთელი საზოგადოების წინაშე, ისმენს ამ ყველაფერს. სადაც არის პასუხები, სცემს პასუხებს. სადაც შესაძლოა, არ არის პასუხები, ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ამაზე პასუხები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე ბრალდებების წაყენების უფლება თავს არ უნდა მისცენ. „წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციონერი იქნება თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხალხი, რომელიც კანონის შექმნაზე და მის დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, თავს არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას, რომ ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით. აქ შეიძლება, კითხვები დაისვას, შეიძლება, გაკეთდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არ შეიძლება, რომ ერთ დირექტორს იცავდე და მეორე დირექტორს თავს ესხმოდე. ხალხი არ დაგიჯერებთ“,- მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, სამინისტროში შესული წერილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც.

„ანონიმურს რომ უწოდებთ ამ წერილს, არის თქვენი სპეკულაციები. ასე გინდათ ფონს გასვლა, მაგრამ ვერ გახვალთ ასე ფონს, იმიტომ, რომ წერილი, სადაც არის რეკვიზიტები, სახელი, გვარი, სამინისტრო ანონიმურად ვერ ჩათვლიდა ავტომატურად, თუ არ გადაამოწმებდა. სამართლებრივად მითხარით, გადამოწმების ვალდებულება თუ უწერია კანონმდებლობაში. თუ არ უწერია, ჩავწეროთ და აი ეს იქნება დღეს აქ ბაჩანა შენგელიას ყოფნის შედეგი, ეს იქნება ია კერზაიას შემთხვევაზე სწორი რეაგირება“,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, სამინისტროს სკოლაში გეგმიური შემოწმების ჩატარება შეეძლო. არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც. მისივე თქმით, დღეს განათლების სისტემა არის ბევრად უფრო თავისუფალი და ნაკლებად პოლიტიზებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„დღეიდან პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ეს წერილები, რა თქმა უნდა, უნდა გადამოწმდეს. აი ეს იქნება ამ კონკრეტული კომიტეტის და საკომიტეტო განხილვის შედეგი. თუ არის საჭიროება, რომ ინსპექტირების სტანდარტი შეიცვალოს – შეიცვალოს. მაგრამ ის, რომ დღეს თქვენ პლენარულ სხდომაზე რაღაც გვარი წამოგცდათ და ისიც წამოგცდათ, რომ ეს ადამიანი თქვენი ხელისუფლების პირობებში, პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა განათლების სამინისტროდან, ამ წამოცდენის მერე, უფლება არ გაქვთ, რომ სხვას წაუყენოთ ასეთი ბრალდებები. დღეს განათლების სისტემა არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბევრად ნაკლებად პოლიტიზებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს, მათ შორის, პედაგოგებს, ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ მათ ჰქონდეთ თავისი პოლიტიკური შეხედულებები, ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ხმა მისცენ მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ რომელიმე პარტიის. ეს დრო დამთავრებულია ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​

Please follow and like us: