ხშირად მიფიქრია ჩვენ  ქვეყანაზე, უფრო ხშირად კიდევ იმნაირ საქართველოზე, როგორიც დღეს გვაქვს. მე არ ვიცი არის თუ არა საქართველო ჩემი სამშობლო, უფრო ზუსტად მე არ ვიცი მინდა თუ არა იგი იყოს ჩემი მშობელი. ზუსტად ვიცი საქართველო ასეთი ნამდვილად აღარაა ჩემთვის მშობლიური. როგორ შეიძლება ქვეყანა, სადაც 12 წლის მოზარდები ჯართის ძებნისას კვდებიან, იყოს ჩემი სამშობლო. როგორ შეიძლება ჩვენ გვეიმედებოდეს ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი მომავლის დაცვა. ბავშვები ბავშვობის გარეშე, უმწეო არსებები, რომლებიც სისტემის მიღმა იკარგებიან, ყველაზე უუფლებო უფლებიანები, რომლებსაც ვერ ვიცავთ, რომლებსაც ვიმეტებთ სიცივისთვის, შიმშილისთვის, მარტოობისთვის.

გახსოვთ რას აკეთებდით 12 წლის ასაკში ? ალბათ ჩემსავით ისხედით თბილი ბუხრის პირას და ამოჩემებული სათამაშოთი თამაშობდით, ან საერთოდაც ავადმყოფობას იგონებდით რომ სკოლაში არ წასულიყავით და მშობლებს თქვენთვის შოკოლადები ეყიდათ. გახსოვთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა? არხეინი, ბედნიერი, უდარდელი, ფერადი… თქვენ ბავშვობა გქონდათ, თამაშობდით უთვალავი სათამაშოს გროვაში და მხოლოდ ის გაწუხებდათ, ერთი მულტფილმის მერე მეორესთვის დრო როგორ გამოგენახათ.

მას კი ნამდვილად არ ჰქონდა დრო მულტფილმებისთვის, არც ცხელი კერძები ელოდა სკოლიდან დაბრუნებულს, სკოლაც ნაკლებად იყო პრიორიტეტი, როდესაც სახლში მშიერი ოჯახის წევრები ეგულებოდა. 12 წლის გიგა ცხოვრებამ ნაადრევად აქცია ოჯახის ერთადერთ მარჩენლად. ნაადრევად დაკაცებული და გაზრდილი გადაყვლეფილი ხელებით აგროვებდა ჯართს ყველაზე სახიფათო ადგილებში და ოჯახის გამოკვებას ცდილობდა. 12 წლის გიგა ბავშვი იყო, ისეთივე ბავშვი როგორიც მე და თქვენ მის ასაკში, მაგრამ 12 წლის გიგა ჯართს აგროვებდა, სკოლას აცდენდა, ავადმყოფობდა კიდეც, მაგრამ მოჩვენებით კი არა ნამდვილად. მძიმე შრომისგან გალეული სხეული ჯართთან ახლოს თხრილში იპოვეს. 12 წლის გიგას ბავშვობა ისე დასრულდა რომ არც დაწყებულა.

და ვაი ქვეყანას, რომელსაც მეტისმეტად ბევრი 12 წლის გიგა ჰყავს, ქვეყანას, რომლის მომავალ თაობასაც ნაადრევ ასაკში უწევს ბავშვობაზე უარის თქმა და გადიდება, გადიდკაცება. ვაი, ისეთ ქვეყანას, რომელსაც ბავშვები ეღუპება ჯართის შეგროვებასა და ლუკმა პურის შოვნაში. ვაი, ჩვენ რომ ასეთ საზოგადოებად ვიქეცით და სისტემაში ჩაკარგულ ამ უმწეო არსებებზე მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ, როდესაც მსგავსი ტრაგედიები მედიის ეპიცენტრში ექცევა.

ჩემი ფიქრები გვერდით რომ გადავდოთ, ამ პრობლემას რეალური სახე და კიდევ უფრო რეალური მასშტაბები აქვს. საქართველოში, რომელიც პატარა ქვეყანაა, ყოველდღიურად ათასობით ბავშვს უწევს სახიფათო გარემოში შრომა ოჯახის რჩენის და ლუკმა პურის მოსაპოვებლად. საქართველოში ათეულობით მოზარდი ეწირება მძიმე ფიზიკურ შრომას, რომელიც ნეგატიურ კვლავს ტოვებს მათ ფსიქიკაზეც.

საქსტატის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2% ჩართულია ბავშვთა შრომაში. ამათგან, ბავშთა შრომაში ჩართული ბავშვების უმეტესობა (63,9%) 16 ათასამდე ბავშვი სახიფათო შრომაშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს რომ უწევთ მუშაობა სახიფათო გარემოში სადაც ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკია, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მუშაობენ ღამე ან ეზიდებიან მძიმე ტვირთს.

ბავშვობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შრომა და მისი უსაფრთხოება საკმაოდ პრობლემური საკითხია, რომლის შესწავლასაც სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობენ. მათ შორის არის გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი, რომლის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ესაუბრა „თბილისი თაიმსს „ და პრობლემის მასშტაბურობასა და სახელმწიფოს როლზე გაამახვილა ყურადღება ამ საკითხის დარეგულირების პროცესში.

„ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მისი ჯანმრთელობისათვის, ხელს უშლიდეს ბავშვს განათლების მიღებაში, საერთოდ, განვითარებაში. სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომით პირობებთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები.

სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს უბიძგებს ქუჩისკენ. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს: ახალგაზრდებს/ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვები, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვები, რომლებსაც თან ახლავთ უფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვები მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები ჯგუფებად  იკრიბებიან და ერთად მოძრაობენ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან,  ღამის გასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და ითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელი/უპირატესი სტატუსის მქონე ბავშვებად და დაქვემდებარებულ ბავშვებად ყოფს. უფროსი ბავშვები ზოგჯერ უმცროს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 14 წელი, ან დაქვემდებარებულ ბავშვებს ფარად იყენებენ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.

კვლევის შედეგად შემუშავდა  კონკრეტული რეკომენდაციები ერთიანი სახელმწიფო ხედვის, სტრატეგიისაა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა ამოქმედდეს აუცილებელი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები ქუჩის ცხოვრებისგან ბავშვების დასაცავად.

ერთერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნა. ასევე აუცილებელია არსებული მომსახურებების გეოგრაფიული არეალის გაზრდა და ახალი სერვისების შექმნა აჭარაში. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.

მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი და ქმედითი სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც დაინახავს სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს და დაეხმარება მათ. საჭიროა სისტემურ დონეზე ცვლილებები და ოჯახების გაძლიერება, რომ სახელმწიფომ შეძლოს რისკის წინაშე მყოფი ბავშვის და ოჯახების დროულად იდენტიფიცირება და დახმარება.

ბავშვთა შრომის მიზეზებს დიდწილად განსაზღვრავს ის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია სიღარიბით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორების ნაკლებობით. ამიტომაც ბავშვთა შრომის აღმოფხვრა მჭიდროდაა დაკავშირებულია ამ პრობლემების დაძლევასთან, ოჯახებისათვის სოციალური დაცვის, სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფასთან. გაეროს ბავშვთა ფონდი უპირატესობას ანიჭებს არა მოკლევადიან და ერთ კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებულ პროექტებს, არამედ ჩვენი ფოკუსია სისტემურ დონეზე ცვლილებები და ბავშვთა შრომის პრევენცია და ოჯახების გაძლიერება. შეუძლებელია ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, თუ არ გავიგეთ რა პრობლემებია ოჯახში, სკოლაში, რამდენადაც სწორედ ეს პრობლემები აიძულებს ხშირად ბავშვებს გავიდნენ ქუჩაში, ჩაერთონ შრომაში.

სისტემური ცვლილებით შესაძლებელი ხდება ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება, რომელიც ორიეტირებულია ბავშვებზე, ოჯახებსა და გარემოზე. ჩვენი აზრით, ბავშვთა შრომის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ცვლილებები სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა სიღარიბის დაძლევა, სოციალური კეთილდღეობა და ეფექტიანი განათლების სისტემა.”

საერთაშორისო კანონმდებლობაში არსებობს იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც სახიფათოდ  ითვლება ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. საქართველოში არ არსებობს მსგავსი დეფინიცია, რაც კიდევ უფრო მეტ სირთულეს და დაბრკოლებას ქმნის ბავშვთა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით.

როგორ აისახება მძიმე შრომა და წართმეული ბავშვობა ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და სამომავლო პერსპექტივაში რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს, “თბილისი თაიმსის” კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა მარიამ იველაშვილმა.

„ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უფლებების არ არსებობაა, ბავშვებს არ აქვთ უფლებები, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და შესაბამისად მათი „ბედი“ აბსოლუტურად მშობელზე იყო დამოკიდებული, მშობლის კეთილი ნება იყო თუ ბავშვს უზრუნველ და ბედნიერ ბავშვობას აჩუქებდა, ასევე მისი ნება იყო, თუ როგორ „გამოიყენებდა“ საკუთარ შვილს, რადგან სამწუხაროდ ძალიან ახლო წარსულში ითვლებოდა, რომ ბავშვი მშობლის საკუთრებაა და შესაბამისად ისე ექცეოდა მშობელი, როგორც თავის საკუთრებას. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ და არასამთავრობო სექტორმა დაიწყო მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ როგორც ვიცით მენტალიტეტის და დამოკიდებულების შეცვლას მინიმუმ ათწლეულები სჭირდება.

ბავშვთა შრომა ცალსახად გულისხმობს ბავშვზე ძალადობას, ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაუმჯობესოთ აღზრდის კულტურა, ბავშვთა უფლებები სკოლებში, ბაღებში, სამედიცინო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და ა.შ. მაგრამ ბავშვები, რომლებიც მუშაობენ, მათ არ მიუწვდებათ ხელი არცერთ სერვისზე, რადგამ არცერთი სისტემის წევრად არ ითვლებიან და შესაბამისად მათზე პასუხისმგებლობა სრულიად აქვს აღებული მათ მშობლებს ან აღმზრდელებს.

ყველა ბავშვი იმსახურებს, რომ ჰქონდეს სრულფასოვანი ბავშვობა, იყოს ლაღი, მხიარული, უდარდელი, დადიოდეს საბავშვო ბაღში და სკოლაში. ეს ბავშვები კი ამ ყველაფერს მოკლებულნი არიან, იძულებით შრომობენ და უწევთ დიდი ძალადობის ატანა, როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოების მხრიდან. უმეტესობა მათგანი ძალიან პატარა ასაკიდან ხდება თამბაქოს და ნარკო მომხმარებელი და ეს მათ ჯანმრთელობას უფრო მეტად აუარესებს.

ხოლო რაც შეეხება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან ყველანაირი ფსიქიკური აშლილობების რისკ ჯგუფში, ნებისმიერ მათგანს და ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა პიროვნული თუ ფსიქიკური აშლილობები და უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი მათ ისევ ვეღარ მოახერხონ სრულფასოვანი ცხოვრება.

კიდევ ერთი საკითხია, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმ მშობლებისთვის, ვისი ბავშვიც შეამჩნევს სხვა ბავშვების შრომას ტრანსპორტში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვის ყველა კითხვას შეძლებისდაგვარად გასცეს პასუხი ისე, რომ მისი ფსიქიკა არ დააზიანოს და მათი შეხედულებები სამყაროსადმი არ გააფერმკრთალოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ფაქტის გამოყენება ბავშვის შესაშინებლად, რომ ის თუ კარგად არ მოიქცევა ან თუ კარგად არ ისწავლის მოუწევს ასე მუშაობა. (ზოგადად ბავშვის დაშინება არ შეიძლება, ძალადობა და დანაშაულია).

ამ პრობლემის მოგვარების საქმეში  უფრო მეტი წვლილი სახელმწიფოზეა, რადგან მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს შეუძლია დაიცვან ბავშვთა უფლებები, დაიცვან ბავშვები, მათ შორის საკუთარი მშობლებისგანაც. ამ ეტაპზე არ ვიცი რა კანონმდებლობა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც სჩანს არაფერი არ არსებობს და სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რომ არსებობდეს და რაც მთავარია სისრულეში იქნას მოყვანილი. საზოგადოების წვლილი კი ისაა, რომ მანამდე თანაუგრძნოს ასეთ ბავშვებს და ძალადობით და აგრესიით არ გაუღრმავონ ტრავმები.”

ავტორი:ანა ურუშაძე

გაზიარება