უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში ? რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტები ? როგორია გავლენა, რომელსაც ჰესები მოახდენს გარემომცველ ბუნებაზე ? რა გველის სამომავლოდ, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდა და დიდი ჰესები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყებს ფუნქციონირებას?

ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უკვე წლებია აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.  ზუსტად მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით შემუშავდა ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურული პროექტები.

თემცა მეტ აქტუალობას ზამთრის პერიოდში იძენს, როდესაც იმპორტირებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები იმატებს და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. საზოგადოების პროტესტს უფრო მეტად ის ინიციატივა იწვევს, რომლის მიხედვითაც ხუდორისა და ნენსკრას მშენებლობა იგეგმება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ დიდი ჰესების მშენებლობა გარდა ბევრი სირთულისა, ასევე დაკავშირებულია გარემოსა და მის დაცვაზე. მსგავსი პროექტები იწვევს ბიოკლიმატის ცვლილებას, ასევე მცენარეთა და ცხოველთა ნაწილის განადგურებასა და არქტიტექტურული ძეგლების ადგილმდებარეობის ცვლილებას. სწორედ ამ საფრთხეების გამოწვევი შეიძლება გახდეს ჰესების მშენებლობის დროს მდინარეების დაგროვება რეზერვუარებში. დატბორილი მიწები, დაკარგული საძოვრები და სახლები, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მყოფი რეგიონები და გარემოსდამცველები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უკვე წლებია ჰესების მასშტაბურ მშენებლობას ქვეყანაში.

იმ ფონზე, როდესაც ჰესების მშენებლობამ შეიძლება ფასების მომატებაც გამოიწვიოს ენერგეტიკულ რესურსზე, ასევე არსებული რესურსის არასწორმა გამოყენებმა დააზიანოს გარემო და ადგილობრივი მაცხოვრებლები, სულ უფრო მეტად ძლიერდება მოსახლეობის პროტესტი.

ამის ნათელი მაგალითია პანკისელების საპროტესტო აქციები, რომლებიც აპროტესტებენ სოფელ ბირკიანში მესამე ჰესის ” ხადორი 3″- ის მშენებლობას. როგორც ცნობილია, პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

ადგილობრივები არსებულ სოციალურ პრობლემებსა და არასახარბიელო სამომავლო პერსპექტივაზე ამახვილებენ ყურადღებას. ხელისუფლება კი მათ გადარწმუნებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს.

როგორია ამჟამად ვითარება პანკისის ხეობაში და რა მოთხოვნები აქვთ ადგილობრივებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, “თბილისი თაიმსს” ამ საკითხზე ესაუბრა პანკისელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ისლამ გორგიშვილი.

” ხეობაში უკვე წლებია აშენებულია ორი ჰიდროელექტროსადგური. მოგეხსენაბათ, რომ ხეობის ერთერთი საარსებო წყარო არის მდ. ალაზანი. შესაბამისად თუ ეს ალაზანი მილებში იქნება მოქცეული, წარმოშობს ბევრ პრობლემას ეკოლოგიური კუთხით. ალაზნის კალაპოტში მდინარის დონის მკვეთრი შემცირების გამო, მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენს ის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც თითქმის საცხოვრებელი სახლების სახურავებზე გადის და ესეც მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

პირველი პრობლემა რატომაც  აპროტესტებენ ადგილობრივები ჰესის მშენებლობას არის ის, რომ “ხადორი 3” ჰესის აშენება იგეგემება დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში და მოსახლეობას ეს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის თუნდაც ხმაურის კუთხითაც. ასევე ხეობა არის მცირემიწიანი ადგილი და საქონელი ძირითადად რიყეზე გადის ხოლმე საძოვარზე და ამ ჰესის აშენების შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი საძოვრებისა საპროექტო ზონაში იქნება მოქცეული და საქონელი საძოვრის გარეშე დარჩება.

როგორც გითხარით, ხეობაში უკვე ორი ჰესია აშენებული და ამ წლების განმავლობაში მოსახლეობას ამ ჰესებიდან არანაირი   სარგებელი არ მიუღია  სოციალური თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა ხეობა ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი ადგილი და ბოლო წლების განმავლობაში თანდათანობით იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. ყველაზე მეტად კი უყვართ ხადორის ხეობაში სტუმრობა, სადაც არის ჩანჩქერი და ძალიან ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, რომელსაც მდ. ალაზანი ალამაზებს. ამიტომ, მილებში დატყვევებული ალაზნის სანახავად აქ არავინ არ ჩამოვა ან ჩამოსული მეორედ აღარ ჩამოვა და ტურიზმი, რომელიც ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ადგილობრივებისთვის, აღარ განვითარდება. ტურიზმის განვითარებისთვის, რაც ნიშნავს ხეობის განვითარებას, საჭიროა, რომ ის არსებული სიმდიდრე შევინარჩუნოთ,რაც ხეობას გააჩნია.

მას შემდეგ რაც მოსახლეობამ პროტესტი გამოუცხადა ჰესების მშენებლობას, ხეობაში იყო ძალიან ბევრი დაპირება. თავიდან როდესაც პირველი საპროტესტო შეკრება გაიმართა ხეობაში ადგილობრივების პრობლემების საპასუხოდ ამ კომპანიიის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ თუ ჭაში წყალი დაგიშრებათ ჩვენ ამოგიტანთ და ჩაგისხამთო, თუ საძოვრები განადგურდება იმ თივასაც ჩვენ დაგირიგებთო. მოკლედ ასეთი დამამცირებელი დაპირებები იყო, თუმცა როდესაც დაინახეს რომ ისეთი უცოდინრებიც არ ვართ როგორც ვგინივართ, მას შემდეგ ცოტა უფრო სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და დაპირებებიც გაზარდეს, თუმცა მოსახლეობა ფინანსურ და მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა თავისი ხეობის უკეთეს მომავალს აყენებს.იმით, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობას ვაპროტესტებთ მხოლოდ ხეობას არ ვიცავთ, ჩვენ ამით ჩვენს ქვეყანას, საქართველოსაც ვიცავთ. ამ მომენტისთვის შემოთავაზებული დაპირებების მიუხედავად მოსახლეობა მაინც წინაღმდეგია ჰესების მშენებლობის. ამ ზაფხულს კომპანიას ჰქონდა სამუშაოების დაწყების მცდელობა და დაიწყეს კიდევაც, თუმცა მოსახლეობის დროული რეაგირების წყალობით მათ შეაჩერეს მშენებლობები.

იმედია ხელისუფლებაც და კომპანიაც გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს და გააკეთებენ იმას, რაც ხალხს სურს. თავიდანაც და ამ ბოლო პერიოდშიც იყო ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტევისა და უხუცესების დაბარება პოლიციაში. მათ იბარებენ და ყველანაირი ხერხით ცდილობენ, რომ ხალხს აზრი შეაცვლევინონ, დაშინებებით, შანტაჟით, ფსიქოლოგიური ზეწოლით თუ სხვა ხერხებით. ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგნი და არც ქვეყნის უკეთესი მომავლს ვებრძვით, პირიქით ყველანაირად ამოვუდგებით მთავრობას გვერდში, მაგრამ ჩვენი, როგორც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეების, აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ხეობის, ქვეყნის ბუნება, ეკოსისტემა შევინარჩუნოთ. ”

ავტორი: ანა ურუშაძე

გაზიარება