საბჭოთა შვიდი ათწლეული და საქართვველო, როგორც ამ კავშირის წევრი – თაროზე შემოწყობილი სიმართლე კადრად, ფურცლად და მელოდიად. კულტურა, ხელოვნება, რომელსაც ავტორები საბჭოთა პერიოდში ქმნიდნენ და რომელიც საზოგადოებამდე ვერ აღწევდა, რადგან ეს ცენზორის ინტერესებში სულაც არ შედიოდა. ამ მხრივ, კავშირის ინტერესებზე “თბილისი თაიმსს” უშიშროების არქივის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია ესაუბრა:
უნდა დავიწყოთ იმით, რომ, მაშინ, მთელი რიგი დეკრეტი და დადგენილება იქნა გამოცემული. მაგალითად, 1917 წელს გამოიცა ორი დადგენილება. პირველი მათგანი იყო ბეჭდვის შესახებ – 470-მდე ოპოზიციური გაზეთი აიკრძალა. ნოემბერში კი გამოიცა დეკრეტი “განცხადებები ბეჭდვის მონოპოლიის შესახებ”, რაც ნიშნავდა იმას, რომ, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ყველაფერი, რაც კი ქაღალდზე იბეჭდებოდა, გადადიოდა სახელმწიფოს ხელში.
1919 წლის მარტში, უკვე ჩნდება კანონპროექტი კონტროლის შესახებ – ვისაც სტამბა ჰქონდა, ვისაც წერა და ბეჭდვა უნდოდა, ვერაფერს აკეთებდა – ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებდა. ამავე წლიდან, თუკი ვინმეს კერძოდ ჰქონდა კინო-და ფოტო სტუდია, ასევე სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა. უკვე 1921 წელს აიკრძალა ანტისაბჭოური ნაწარმოებები. 1922 წელს კი განსაკუთრებული კონტროლი წესდევა მწერლებისა და პროფესორების მიმართ და მათ აძევებენ ქვეყნიდან, თუკი შეატყობენ, რომ ისინი არ არიან საბჭოთა ხელისუფლების მომხრეები. უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში კონტროლდებოდა ნებისმიერი ნაწარმოების/პიესის აღმოცენება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის 1922 წლის კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის ცენზურა გაერთიანდა. ამ პერიოდში, იყო ცენზურა მუსიკაზე, ლიტერატურაზე – ზოგადად, კულტურაზე. ამ დროს არსებული ყველა ცენზურა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთი ცენზურა.
ამას მოჰყვა რეპერტუარზე კონტროლი 1923 წლიდან – კონტროლი შინაარსზე: რა შინაარსის არის ნაწარმოები, რომელიც იქმნება? გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა გაკონტროლებულიყო შინაარსი.
ამ პერიოდში, არსებობს ფორმულა, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნება – საბჭოთა ხელოვნება უნდა იყოს ფორმით ნაციონალური, შინაარსით – სოციალისტური. 1924 წელს იქმნება სახ. კინო. ეს იმას ნიშნავს, რომ, უკვე ცენტრალიზებულად, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს ნებისმიერი ფილმის ბიუჯეტს, შინაარსს, შემოქმედებით ჯგუფს…
რა ფილმები იყო აკრძალული?
აკრძალული იყო ფილმები, რომელთა შინაარსიც, ოდნავ მაინც, ადამიანებს მოუწოდებდა ანტისაბჭოთა განწყობებისკენ. საბჭოთა პერიოდში, ქართული კინემატოგრაფია იყო პროდუქტიული, რადგან ბოლშევიკებმა კარგად იცოდნენ კინოს და ზოგადად მედიის ძალა. მათ ხელოვნება პარტიის სამსახურში ჩააყენეს.
ლიტერატურაში ბულგაკოვის რამდენიმე პიესა და ნაწარმოები იყო აკრძალული. განსაკუთრებით – “ოსტატი და მარგარიტა”. აკრძალული იყო პუშკინი, ივან ილიჩი. თუკი პიესა აიკრძალებოდა, ბუნებრივია, ვერც ფილმს გადაიღებდნენ. ბორის პასტერკანის “ექიმი ჟივაგო” იყო აკრძალული. განსაკუთრებული ცენზურა მოქმედებსა ნანა ახმატოვაზე. ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმაზე” საუბარიც ზედმეტია.
მინდა, გამოვყო კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია”. ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს საბჭოთა მთელი მექანიზმი – რა იყო ის ფორმულა, რის მიხედვითაც მუშაობდა ბიუტოკრატიული აპარატი. ბუნებრივია, როცა ამ ფილმს ნახავდა ცენზორი, არავის მისცემდა უფლებას, რომ ის ფართო საზოგადოებას ეხილა. მიხეილ კალატოზიშვილის რამდენიმე ფილმი იყო აკრძალული. უნდა ვახსენოთ ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო”. ასევე – ოთარ იოსელიანის “აპრილი”.
აკრძალულები იყვნენ ისეთი დიდი ავტორები, როგორიც იყო სერგეი ეიზენშტეინი. ის ფაქტი, რონ ადამიანმა გადაიღო საბჭოთა კავშირისთვის მისაღები ფილმი, იმას არ ნიშნავდა, რომ მას მისცემდნენ უფლებას, შემდგომ ცოტა სხვა შინაარის ფილმი გადაეღო. “ივანე მრისხანის” მეორე ნაწილი მანამ არ გამოვიდა ეკრანებზე, სანამ სტალინი არ გარდაიცვალა. ეს მოვიყვანე იმის მაგალიღად, რომ, დიდ ნაწარმოებებსაც კი, საბჭოთა კავშირი ბლოკავდა. ზოგიერთ ფილმს, საერთოდ, წვავდნენ კიდეც.
ავტორი:მარიამ ტიელიძე