საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი რეგულაცია გაატარა. ადრე არსებული ის პროცესები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებდა, დღეს შეზღუდული და გართულებულია. ერთი მხრივ, საზოგადოების საჭიროებები და, მეორე მხრივ, საფინანსო სექტორის ინტერესები, ცხადია, ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამჯერად, რეგულაცია მოსახლეობისთვის განვადებაზე უარის თქმას ეხება.
აღნიშნულ საკითხზე, “თბილისის თაიმსის” შეკითხვებს “საზოგადოება და ბანკების”დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე პასუხობს:
რამ გამოიწვია ამ რეგულაციის საჭიროება?
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, ამ რეგულაციის საჭიროება განაპირობა ჭარბვალიანობის პრობლემამ და კრედიტების პასუხისმგებლიანი სისტემის შემოღების საჭიროებამ. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გაატარა მკაცრი რეგულაციები, ჯერ კიდევ, მაისიდან, როდესაც, თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა შეზღუდა.
იანვრიდან, ამას უკვე მოჰყვა ახალი რეგულაციები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა – ძალიან არის შემცირებული განვადებების რაოდენობა, რამაც შეზღუდა იმ პროდუქტების გაყიდვა, რომლებიც იყიდებოდა საბანკო სესხით და პრობლემები შეექმნა არა უკვე კომერციულ ბანკებს (კომერციული ბანკები ამას, როგორმე, გადაიტანს), არამედ – ტექნიკის მაღაზიებს, ავეჯის მაღაზიებს, სამშენებლო ბიზნესს – ისინი ვეღარ ყიდიან საკუთარ პროდუქციას და,თავისთავად, უკვე უწევს ხარჯების შემცირება ნებისმიერი გზით, რათა შეძლოს საკუთარი ფინანსური ვალდებულებების დაფარვა.
უკვე თუ არის შესაძლებელი ამ რეგულაციით გამოწვეულ შედეგებზე საუბარი?
შედეგების შესაფასებლად, ალბათ, საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი გავიდეს – ორი კვარტალი მაინც. როცა უკვე რიცხვები გვეცოდინება, შედეგებს უფრო ზუსტად შევაფასებთ. თუმცა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს, შემიძლია, ვთქვა, რომ ტექნიკის არაერთ მაღაზიასა და სამშენებლო კომპანიას პრობლემები უკვე შეექმნა. ეს პრობლემები გაგრძელდება. არ ვიცი, ვინ გაკოტრდება და ვინ გადაურჩება რეგულაციას, მაგრამ, საბოლოოდ, შესაძლებელია, რომ მათ ხარჯები შეუმცირდეს და საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს.
მოსახლეობაზე რა გავლენას იქონიებს ეს რეგულაცია?
ადამიანებს შეეზღუდათ სესხებზე ხელმისაწვდომობა. ისინი ისე მარტივად ვეღარ მოახერხებენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს აქამდე შეეძლოთ. სწორედ იმის გამო, რომ ამ ტიპის სესხი ბევრს ჰქონდა აღებული, რეგულატორმა გადაწყვიტა, შესაბამისი პროცესები გაერთულებინა. მოსახლეობას მოუწევს წლობით მოცდა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება, მეტ-ნაკლებად, უზრუნველყოფილი გახადოს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე