ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალის, Contemporary Class Magazine მიხედვით, საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის მოხვდა. საქართველოსთან ერთად ჩამონათვალში იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს. ჩვენ შევარჩიეთ ის ქვეყნები, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება. ჩვენს სიაში მოხვდნენ ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული მიმართულებები, სახელმწიფოები გამორჩეული კულტურითა და ხელოვნებით,”- წერს სტატიის ავტორი, ბეთანი სილკოქსი.

„საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს კარგია, მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას, “Gentleman Jack”-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს, ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა,” – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი აღწერს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს.

„წელს თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ თბილისის მოდის კვირეულს დაამთხვიოთ, რომელიც აპრილსა და ოქტომბერში იმართება. ასევე, ეწვიოთ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს, რომელიც ივლისშია დაგეგმილი; ოქტომბერში კი დაესწროთ ცნობილი ბრიტანელი მრბოლელის, ფორმულა 1-ის ქალი-პილოტის, ზოი უითექერის შოუს, რომელიც ბათუმიდან ბაქომდე კლასიკური ავტომობილების რალის გამართავს,” -წერს Contemporary Class Magazine-ის ჟურნალისტი.

 

Please follow and like us: