მთლიანი სამყარო მიდრეკილია ბუნებრივისკენ. ადამიანები ყველგან სიჯანსაღესა და ხარისხს ეძებენ. დიდებიც პატარებისთვის სასარგებლოს ეძებენ. “ცუმბო პოპსი”, დაახლოებით, ორი წლის წინ შეიქმნა და, სწორედ ამ დროიდან მოყოლებული, ადამიანებს ჯანსაღ, ფერად და დიდი სიყვარულით დამზადებულ პოპსებს სთავაზობს.

“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს „ცუმბო პოპსის“ დამფუძნებელი, მარი ჭუმბურიძე პასუხობს:

საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

დიდი ხნის განმავლობაში, მსურდა, დამემზადებინა პოპსები. თუმცა, ამ საქმიანობის დაწყებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიძგის მომცემი იყო Tbilisi Flea Market-ი. სწორედ მაშინ, როცა გავიგე მარკეტის განახლების შესახებ, გადავწყვიტე, გადამედგა ეს ნაბიჯი. ახლაც მახსოვს წინამოსამზადებელი პერიოდი, პირველი მომხმარებელი და ის საოცარი ემოციები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება.

როგორ და რისგან მზადდება თქვენი პროდუქცია?

ჩვენ მიერ წარმოებული პოპსი მზადდება ჯანსაღი ხილისა და მცენარეული დანამატებისგან. პროდუქტის დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტებს  ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევ. ვთანამშრომლობ ბიომეურნეობის ასოციაცია “ელკანასთან” და, მათი დახმარებით, ვიღებ ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან. ამასთან ერთად, აღსანიშნია, რომ პოპსები  არ შეიცავს შაქარს, რძეს, გლუტენს, არომატიზატორებსა და ქიმიურ დანამატებს.

რა მიზანზეა ორიენტირებული თქვენი ბიზნესი?

ჩვენი საქმიანობის  მთავარი იდეა არის ჯანსაღი საკვები პროდუქტის შექმნა გაყინული დესერტის კატეგორიის მიმართულებით.

 ვინ ის თქვენი პროდუქტის მომხმარებელი?

ჩვენი პროდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც პოპსი, უბრალოდ, ცხოვრების სტილია და, ასევე,  ცუმბოს ყველაზე გულწრფელი და სიკეთით სავსე პატარა მეგობრები – ბავშვები. პოპსები, თავისი თვისებებით, განსაკუთრებით საინტერესოა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის, გლუტენისა და ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის, ვეგანებისთვის, დიაბეტიკებისა და სპორტსმენებისთვის. ჩვენთვის თითოეული მათგანის შეფასება, რეკომენდაცია  და  სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია.  სწორედ  მათგან მიღებული ემოციები გვაძლევს სტიმულს, გავუმკლავდეთ სხვადასხვა სახის გამოწვევას და ვიფიქროთ მუდმივ გავითარებაზე. ფერადი პოპსებით დაწყებული მეგობრობის ისტორიები არის ის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და გვიყვარს.

როგორ შეუძლია მსურველს თქვენი პროდუქციით სარგებლობა?

ტრადიციულად, შეგიძლიათ, გვიპოვნოთ ცუმბოს საყვარელ Tbilisi Flea Market-ზე, რომლისთვისაც ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და, ჩვენს ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად, ვცდილობთ, შევქმნათ სასიამოვნო და მხიარული გარემო. მუდმივად ჩვენი პოპსების შეძენა კი შესაძლებელია ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სივრცეში “Tsibakha Game Club”-სა და მაღაზია “ბიოველში”. ასევე, ძალიან გვახარებს, როცა გვაქვს შესაძლებლობა, გავიზიაროთ ადამიანების ბედნიერება და, ჩვენი ურიკით, გავხდეთ მათი ჯადოსნური დღის ნაწილი დაბადების დღეზე, ქორწილში, კორპორატიულ საღამოსა და სხვა ტიპის წვეულებაზე. ასე რომ, შეგვიძლია, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შევთავაზოთ ქეითერინგის სერვისი. ამასთან ერთად, გვაქვს ადგილზე მიტანის უფასო სერვისიც, რომელიც ყველა სხვა სერვისისგან  გამორჩეულია. უკვე მეორე წელია, თავად მიმაქვს ჩემი დამზადებული პოპსები სხვადასხვა მისამართზე. ერთგულ მეგობრებთან ყოველი შეხვედრა  კი ისეთი ემოციურია, რომ, ცოტა არ იყოს, მიჭირს სიტყვებით გადმოცემა.

სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ, ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას, რაც გულისხმობს გაყიდვების ადგილების გაზრდას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი ფერადი პოპსები. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, შევქმნათ საკუთარი ბიომეურნეობა, რათა ნედლეულად გამოვიყენოთ ჩვენ მიერ მოყვანილი ხილი. ამ მიმართულებით, უკვე დავიწყეთ გარკვეული სამუშაოები და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა შევძლებთ, მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი ჩვენს მეურნეობაში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: