შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Please follow and like us: