ეროვნული წარმოების ჯავშანმანქანებს კიდევ ერთი დიდგორის მოდიფიკაცია შეემატა, რომლისთვისაც ასევე ინოვაციური მოდულიც დამზადდა.
როგორც მოგეხსენებათ, სსიპ სსსტც დელტამ 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართველ საზოგადოებას ახალი ტიპის ჯავშანმანქანის დიდგორი მეომარის პროტოტიპი წარუდგინა.
დელტა კვლავ აგრძელებს ახალ პროდუქტებზე მუშაობას და ამჯერად ცენტრის მიერ დამზადდა დიდგორი მეომარის 1200 მილიმეტრიანი მობილური ნაღმმტყორცნის მოდული, რომელიც პასუხობს დღევანდელ საიარაღო ბაზრის მზარდ საჭიროებას.
თავდაცვითი მრეწველობის ბაზარზე ნაღმმტყორცნების მწარმოებელ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ 60, 82 და 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნები სერიულად იწარმოება და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტზეც გადის.
2018 წელს სსსტც „დელტამ“თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, დაიწყო ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპური მოდულის შექმნა-ინტეგრაცია. რომლის ფართო მასებისთვის წარდგენაც პირველად საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართება.
თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დაპროექტებული და დამზადებული უახლესი ქართული მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ჯარების სხვადასხვაგვარობისთვის განკუთვნილი განსხვავებული ტიპის, დანიშნულებისა და კონფიგურაციის მანქანების, უნივერსალურ მოდულურ ჯავშანპლატფორმას წარმოადგენს. მათ შორისაა საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის მანქანები 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნების მოდულებით. ორმაგად დაჯავშნული ჯავშანკაფსულა მანქანის 5 კაციან ეკიპაჟს ბრძოლის ველზე არსებული ნამსხვრევებისგან და 7,62 მმ კალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიებისგან საიმედოდ იცავს. მაღალი გამავლობის მქონე სავალი ნაწილი საბრძოლო პოზიციის დაკავების საშუალებას სხვადასხვა სახის რთულ რელიეფზეც იძლევა.
120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა.
120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.
პოტენციური დამკვეთის სურვილის შესაბამისად საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.