მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება და 11 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისში, მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეშიგამოიფინება… 

გარდა იმ ექსპონატებისა, რომელსაც ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ უკვე ინახავს, ბეთლემის #10 სამუზეუმო სივრცეში ქართული ისტორიებიც გამოიფინება, რადგან წესი ასეთია: მანამ, სანამ ნებისმიერ ახალ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ სამოგზაურო გამოფენით გაიხსნება, თვე-ნახევრით ადრე, ამ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიების დონაცია იწყება.

ქართული ისტორიების შეგროვება 14 თებერვალს – ვალენტინობას დაიწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება. ადამიანი, ვისაც სურს, საკუთარ ისტორიას სამუზეუმო ექსპონატად ქცევისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის შესაძლებლობა მისცეს, ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას ავსებს, ფოტოს უღებს იმ ნივთს, რომლის გამოფენაც სურს და მუზეუმის წარმომადგენლობაში აგზავნის (დონაციის გამოფენის შემთხვევაში, გამომგზავნის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია).

შემოსული ყველა ისტორია ინგლისურ ენაზე ითარგმნება, რათა მუზეუმის იდეის ავტორებმა, დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ საუკეთესოები შეარჩიონ და ზაგრების „დამსხვრეულ ურთიერთობათა მუზეუმის“ კოლექციას მუდმივი ექსპონატები შემატონ.

მუზეუმი მოიცავს სამი ტიპის ნივთებს: მატერიალურს – ფოტოები, წერილები, მესიჯები (მითითებული შეხვედრის ადგილები), ვირტუალურს – სურათები და დოკუმენტები და ასევე, კონფესიურს (აღმსარებლური) – ხმოვანი ჩანაწერები და გზავნილები.

თბილისში გამოფენის შემდეგ, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, მუზეუმი ბათუმში იმოგზაურებს. ჯამში, საქართველოში, 80 ექსპონატი გამოიფინება, რომელთაგან ქართული ისტორიების რაოდენობა, დაახლოებით, 25 იქნება.

 

Please follow and like us: