მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელობასთან დაკავშირებით, დისკუსიები გაიმართა. საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარეობდა მსჯელობები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ამ კატეგორიის მიწის მფლობელი – ამ ჭრილში, რა უფლებები აქვთ უცხოელებს და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს ქართველი გლეხებისა და წვრილი მიწათმფლობელებისთვის.
2018 წლის 16 დეკემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მიწას „განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსად“ ცხადდება და გამონაკლისების გარდა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში რჩება. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა , როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი , შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს , თვითმმართველი ერთეულის , საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.“
- „გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით , რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“
როგორ იყო აქამდე?
საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მიწის ყიდვა არ შეეძლოთ. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შესახებ, რის შემდეგაც უცხოელებზე ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.
2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა აუკრძალა. მაგრამ, იმავე წლის 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიღებული ახალი რეგულაცია, ავსტრიის მოქალაქემ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ახალი ნორმა დისკრიმინაცული იყო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე განსხვავებულ რეჟიმს ადგენდა საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე (საკუთრება, უფლება) და მე-13 მუხლებს (თანასწორობა, უფლება). საკონსტიტუციომ 2014 წლის 24 ივნისს პარლამენტის გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეზღუდვაზე არაკონსტიტუციურად ცნო.
ამის შემდეგ სახელმწიფომ (ეკონომიკის სამინისტრო) გადაწყვიტა, ახალი მიწის კოდექსის მიღებამდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა თავად შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება გავრცელდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პირებზე. სამინისტრო მიწებს ძირითადად იჯარით გასცემდა, კერძო პირებს კი შეეძლოთ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწები თითო ჰექტრობით არის დანაწევრებული და მსხვილი ფერმერები სავარგულის ერთიანად, დიდ ფართობზე ყიდვას ვერ ახერხებდნენ.
2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა ახალი დოკუმენტი – მორატორიუმი მიიღო და კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე უცხოელებზე მიწის გასხვისება ისევ აკრძალა, იმ დათქმით, რომ გარდამავალ ეტაპზე რეგულაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება, ასევე, საქართველოს მთავრობა დისკრეციის უფლებით ისარგებლებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მორატორიუმის მიუხედავად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ. თუმცა, შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა და საბერძნეთის მოქალაქეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მიწების დასარეგისტრირებლად 9-დღიანი ვადა მიეცათ.
რა რაოდენობის მიწაა გასხვისებული უცხოელებზე?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია; 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. ექსპერტთა ნაწილი (პაატა კოღუაშვილი, სოსო არჩვაძე) მიიჩნევს, რომ ხარვეზებით ჩატარებული და დაუმთავრებელი მიწის რეფორმის გამო, ოფიციალური მონაცემები სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შესახებ არასწორია.
საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში ქვეყნის მიწების 5%-ია. ბოლო 7 წლის განმავლობაში, უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში მთლიანობაში ყველა სახის 37 386 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირეს, რაც 13 412 ჰექტარია.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია აცხადებს, საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა. რეალურად კი, კანონის გვერდის ავლით უცოხოელების მიერ დასაკუთრებული მიწის ოდენობა ბევრად მეტია.ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე.
როგორ რეგულირდება სხვა ქვეყნებში მიწის გასხვისება?
მიწის ყიდვა ძალიან იოლია აშშ-ში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამისთვის განსაკუთრებული დოკუმენტაცია არ სჭირდება. მთავარია საკმარისი თანხა და ის მიწის ნაკვეთს დისტანციურად, ბროკერის დახმარებითაც შეიძენს. კანადაში კი უცხოელს 8 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება არ აქვს.
სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ევროპელები მიწის პოლიტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებენ ისეთ ზომებს, რომლებიც ხელს შეუშლის ერთი მესაკუთრის ხელში მიწის დიდი მასივების კონცენტრაციას.
მაგალითად, გერმანიაში მიწის ნაკვეთი, რომელიც კერძო საკუთრებაში შეიძლება იყოს, ყველაზე ბევრი, 400-დან 500 ჰექტარამდეა, პოლონეთში – 300 ჰექტარი, უნგრეთში – 300 ჰექტრამდე, რუმინეთში – 200 ჰექტრამდე.
გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის იჯარით აღების ან ყიდვის დროს, მაგალითად, გერმანიაში, ფინეთში, ნიდერლანდებში და იტალიაში არაოფიციალური პირობა მოქმედებს, რომ მოიჯარე ან მყიდველი უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრები – კანონში ეს არ წერია, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია ასეთია.
იოლია მიწის ყიდვა ესპანეთში. ამისთვის უცხოელს მხოლოდ ფინანსური ნომერი, სპეციალური კოდი სჭირდება, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია გასცემს. სხვაობა ისაა, რომ ესპანეთის და ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეს ამ კოდს ერთ დღეში აძლევენ, დანარჩენებისთვის პროცესი კვირები ჭიანურდება.
შვეიცარიაში მიწების შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, ან მათ, ვისაც ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ნებართვა აქვს.
შვედეთში რეგულაციები მოქმედებს იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ცალკეულ შემთხვევებში, მიწის მფლობელს მის მიერ შეძენილ მიწაზე ცხოვრება მოეთხოვება.
რამდენიმე ქვეყანაში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, პოლონეთში 12-წლიანი მორატორიუმია გამოცხადებული. ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრიანებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და სლოვაკეთი აკრძალვის პერიოდი 7 წელს გაგრძელდა.
ისრაელში, ჩინეთში და დიდ ბრიტანეთში მიწებს უცხოეთის მოქალაქეებზე საერთოდ არ ყიდიან. ისრაელში მიწა მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაა და მის გამოყენებას სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. კომუნისტურ ჩინეთში სახელმწიფო და კოლექტიური პოლიტიკაა, ხოლო დიდ ბრიტანეთში მთელი მიწა ფორმალურად სამეფო ოჯახის საკუთრებაა, რომელიც მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდის სამეფოს მოქალაქეებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – უცხოელებზე. იმავდროულად, მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა გაერთიანებულ სამეფოში ფაქტობრივად შეუძლებელია.