სიახლე ქართული ღვინის წარმოებასა და მის დიზაინში – განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორია, რომლისთვისაც “მივინომ” გამარტივება და ინოვაცია დაგეგმა. არც ისე დიდი ხანია, რაც მან საკუთარი ეს გეგმა წარმატებულად გაახორციელა.

“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “მივინოს” დამფუძნებელი, საბა სახვაძე პასუხობს:

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?

ქართულ ბაზარზე ეს-ესაა, გამოვჩნდით. ბაზარზე გამოჩენამდე, განვახორციელეთ საინტერესო მარკეტინგული კამპანია იდეით: ღვინო არ არის რთული. თუმცა, პროექტზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. მოვიზიდეთ ინვესტიცია და, დაუღალავი შრომის შემდეგ, დღესდღეობით, სახეზე გვაქვს “მივინო”.

 რას აწარმოებთ?

ჩვენს მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის ღვინოს ვთავაზობთ – ნაკლები იდეური სირთულით, მსუბუქ, პორტატულ, არამსხვრევად, ეკონომიური მოცულობის ტარაში.

რა არის თქვენი ბიზნესის მთავარი მიზანი?

ჩვენი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ღვინო სასურველი გავხადოთ იმ სიტუაციებში დასალევად, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, დაბალალკოჰოლურ, ან, პირიქით, მაღალალკოჰოლურ სასმელებს ამჯობინებენ.

ღვინის კულტურის მქონე ქვეყნისთვის, აღნიშნული გარემოების არსებობა ძალიან გულდასაწყვეტია. სწორედაც ამიტომ, ჩვენს მიზანს ღვინის პოპულარიზაცია და მისი ბაზრის ზრდა წარმოადგენს.

რატომ გადაწყვიტეთ, ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

ამ საქმიანობით დაკავებისკენ ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა გვიბიძგა. გვსურდა, მომხმარებლებისთვის ღვინის სმით სიმოვნების მიღება გაგვემარტივებინა და არ გვსურდა ღვინის სმის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა.

ბევრი დაინტერესდა თქვენი ბიზნესით?

კი, დაინტერესება საკმაოდ მაღალია მომხმარებლის მხრიდან. ეს ბუნებრივიც არის და ამას გამოჩენამდეც ველოდით. ველოდით უარყოფით დამოკიდებულებასაც, რაც გულდასაწყვეტია. თუმცა, მეორე მხრივ, მომხმარებლის უდიდესი ნაწილი ამას დადებითად შეხვდა. სწორედ ეს გვაძლევს უდიდეს ენთუზიაზმს ჩვენი საქმისთვის.

წარმოების, პროდუქციის გაფართოებას თუ გეგმავთ და როგორ?

უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ – მომხმარებლის დიდი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატებთ ნახევრადტკბილ, შუშხუნა ღვინოებს. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან და, ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში, “მივინო” ექსპორტითაც გაგვახარებს.

ბიზნესს დამოუკიდებლად აწარმოებთ, თუ, სახელმწიფოს მხრიდან, ხელშეწყობა გაქვთ?

საწყის ეტაპზე, უდიდესი დახმარება გაგვიწია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” და USAID-მა – გაახორციელეს რა პირველადი ინვესტიცია ჩვენს პროექტში.

 

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: