ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი წაუკითხეს.

ადვოკატების თქმით, საინიციატივო ჯგუფში გიორგი მამალაძის მხარდამჭერები არიან გაერთიანებული. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებენ, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილი წერილის ტექსტი გააცნო.

„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს “,-ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ წერილში.

უფლებადამცველების განცხადებით, დეკანოზის მონახულება შეზღუდული აქვთ და მასთან ყოფნა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუძლიათ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ინსულტის განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

„სამწუხაროდ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ გვიწევს დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა. საინიციატივო ჯგუფს კიდევ ბევრი ადამიანი შეუერთდება. ამ რთულ ვითარებაში დეკანოზის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. გამოსავალია მიმართვა პატრიარქისადმი. იმედი გვაქვს, გადაიდგმება ნაბიჯები პატრიარქის მხრიდან. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის არასდროს სპეკულირებდა საკუთარი ჯანმრთელობით. ახლა უკიდურესად მძიმეა და ინსულტის განმეორების შემთხვევაში, მდგომარეობა ფატალურად შეიძლება დასრულდეს. პერსონალი ამბობს რომ პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ ჩვენ არ გვეძლევა მისი ნახვის საშუალება რამდენიმე წუთის გარდა“,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე  წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი საავადმყოფოში 15 თებერვალს გადაიყვანეს.  გუშინ ის „ავერსის“ კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩასატარებლად გადაიყვანეს, რის შემდეგაც ისევ უკან, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს.

Please follow and like us: