გვინდა, შეწყალების ინიციატორი უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყოს, რადგან დეკანოზი მისი მღვდელმსახურია და მას აქვს იმის რესურსი, იშუამდომლოს საქართველოს პრეზიდენტთან, რაც არაერთხელ მომხდარა საპატრიარქოს მხრიდან სხვა საქმეებზე, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

როგორც ფანცულაია განმარტავს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სწორედ ამის გამო, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ეს მათი მხრიდან სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ ნიშნავს.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლებრივ განხილვაზე უარს ვაცხადებთ. ადვოკატები გეგმის მიხედვით მივყვებით ყველაფერს, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, მთავარი მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. იმედს ვიტოვებ, პატრიარქი შეგხვდება, ეს საქმე ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საქართველოს პატრიარქი დაინტერესდეს“, – აცხადებს ფანუცალაია.

ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთი უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია.

„იმედი მაქვს, პატრიარქი შეგვხვდება, რადგან მისი ვალდებულებაც არის და მისი მოწოდებაც უნდა იყოს. ის ყველა ჩვენგანის მამა, სულიერი მოძღვარი, მწყემსია. ამიტომ, უნდა მიგვიღოს და დაგველაპარაკოს. ვფიქრობ, პატრიარქი საინფორმაციო ვაკუუმშია, მას ყველანირ ინფორმაციას უზღუდავენ. კარავზე მამა გიორგის სურათია გაკრული და სპეციალურად ისე დააყენეს მანქანა, პატრიარქი რომ გამობრძანდება, ვერ დაინახოს თუ რა ხდება იქ“, – აცხადებს რამიშვილი.

Please follow and like us: