უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ქვეყნის ერთერთ რეიტინგულ უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო ტალღა მძვინვარებს. ახალგაზრდების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ილიაუნის ბიზნესის სკოლა გაუქმდა, იგი შეურთდა სხვა ფაკულტეტს, ხოლო მისი დეკანი გიორგი ქადაგიძე უმუშევარი დარჩა.

როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განმარტავს, ბიზნეს სკოლის გაუქმება და დეკანის გადაყენება რეორგანიზაციის ნაწილი იყო, რომელიც მათ უმაღლეს სასწავლებელში წამოიწყეს.

ამ რეორგანიზაციას არ ეთანხმება და მიუღებლად მიიჩნევს თავად ქადაგიძე, რომელმაც 31 იანვარს მიიღო შეტყობინება თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. როგორც ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი განმარტავს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს, სწორედ ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება.

რეორგანიზაციამ და საკადრო ცვლილებებმა სტუდენტების დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. ახალგაზრდება დაიწყეს საპროტესტო აქციები და კითხვებით მიმართეს პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რექტორს და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს. უკმაყოფილების ტალღა დღითიდღე მწვავდება, სტუდენტების პროტესტმა კი უკიდურესი ფორმა მიიღო. უკვე რამდენიმე დღეა, რაც სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ.

ქადაგიძესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში ის აღნიშნავდა, რომ ქადაგიძის პოზიცია, რომელმაც “ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას”, მოულოდნელი და გაუგებარია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი ქადაგიძის გადაყენების შემდეგ სამსახური დაატოვებინეს ასევე მის მხარდამჭერს,  გიორგი პაპავას, რომელიც ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი გახლდათ წლების განმავლობაში.

რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული საკადრო ცვლილებები ?

გამოიღებს თუ არა სტუდენტების პროტესტი შედეგს და მიიღებენ თუ არა ისინი მთავარ კითხვაზე პასუხს- რატომ გაუქმდა ერთერთი რეიტინგული და წარმატებული ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ჯერჯერობით უცნობია, მანამდე არც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იცვლის პოზიციას, მოშიმშილე ახალგაზრდები კი პოზიციების დათმობას და უკან დახევას არ აპირებენ.

განვითარებულ მოვლენებსა და სტუდენტური პროტესტის სამომავლო ასპექტებზე “თბილისი თაიმსს ” ესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მენეჯმენტის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი, საპროტესტო აქციის მონაწილე  გიგი ნოზაძე :

“2019 წლის 31 იანვარს მოულოდნელად ვიგებთ, რომ  ილიაუნის ბიზნესის სკოლა გაუქმდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული ის აღარ არსებობს, გაერთიანდა 3 მიმართულება და შეიცვალა ფაკულტეტის სახელი, ახლა ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) მაგივრად ეწოდება მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და განათლების ფაკულტეტი, შესაბამისად გაუქმდა დეკანის თანამდებობა ბიზნეს სკოლაში და გიორგი ქადაგიძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სტუდენტებმა ეს ინფორმაცია გაიგეს კულუარული წყაროებიდან, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოკლე ტექსტური ინფორმაცია გაავრცელა ვებ გვერდზე  აღნიშნული რეორგანიზაციის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების ასე მოულოდნელად გაჟღერება სტუდენტების დიდ ნაწილში პანიკა გამოიწვია.ვერ გაიგეს ერთის მხრივ, რა ხდებოდა, რატომ და რისთვის ხდებოდა.

აქვე სტუდენტების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა პროტესტი ამ გადაწყვეტილების ასე მოულოდნელად გავრცელების მიმართ, ჩვენ სტუდენტების დიდი ნაწილი ამ რეორგანიზაციას ვერ ვეთანხმებით, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ძალიან ნაჩქარევად, ფაქტობრივად ერთ კვირაში დაიბადა იდეა, შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, და ასე მიიღეს გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილებაში სტუდენტების შეხედულები და მოსაზრებები არ იყო გათვალისწინებული, რადგან ბიზნესის სკოლის წარმომადგენლი სტუდენტი წარმომადგენლობით საბჭოში არ იცნობდა ამ საკითხს, მან გაუაზრებლად  დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას მხარი, ისე, რომ არც კი იცოდა რას უჭერდა მხარს, თანაც ეს წარმომადგენელი არჩეულია 24 სტუდენტის მიერ, როდესაც ფაკულტეტზე 6000 სტუდენტი სწავლობს. შესაბამისად ამ წამრმომადგენლის მიმართ არ არსებობს არანაირი ნდობა სტუდენტების მხრიდან.

ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იკვეთება ბევრი საეჭვო ფაქტორი.მაგალითად, 18 იანვარს გიორგი ქადაგიძემ მიიღო შეტყობინება გიგა ზედანიასგან,    დაიბადა იდეა, რომ ბიზნესის სკოლამ გაუწიოს კურირება ტექნოლოგიების მიმართულებას, ვინაიდან სან-დიეგოს რესურებით გვესარგებლა, რაზეც გიორგი ქადაგიძემ მიწერა წერილი, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო ამ თემაზე.

შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა, თითქმის იმავე ადამიანებით, რომლებიც კოლეგიალურ ორგანოებში იღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამისად გიორგი ქადაგიძემ ამ ჯგუფს არ გამოუცხადა ნდობა.

ამ ჯგუფმა დანიშნა შეხვედრა 25 იანვარს, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძე ესწრებოდა ღია კარის დღეს ილიაუნიში იმავე დროს, როდესაც ეს შეხვედრა ჩაინიშნა.მეორე შეხვედრა ჩაინიშნა მალევე, თუმცა გიორგი შვებულებაში იყო პირადი მიზების გამო, რატომაც ვერ დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას.

ისინი არ დაელოდნენ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას, რომ ერთად მიეღოთ გადაწყვეტილება.30 იანვარს საღამოს კი გიორგი ქადაგიძე დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლდა, ვინაიდან ფაკულტეტი გაუქმდა.

ამ პროცესების სიჩქარის გამო დაიწყო სტუდენტების პროტესტი, ვინაიდან ეს “რეორგანიზაცია” გიორგი ქადაგიძის მოსაშორებლად გამოიყენეს, სხვა ვერანაირად ვერ მოიშორებდნენ და ასე სამართლებრივად გამოძვრებოდნენ.

ასევე, პროტესტის ტალღა წარმოშო უშუალოდ გიორგი ქადაგიძის, როგორც დეკანის გათავისუფლების გამოც, რადგან მას  ძალიან კარგ ხელმძღვანელად მივიჩნევდით, იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რაც 1 წლის განმავლობაში გაატარა ბიზნესის სკოლაში.

15 დღის განმავლობაში ადმინისტრაცია ცდილობდა სტუდენტების გადარწმუნებას,რაც ვერ შეძლეს, ვინაიდან მათი  არგუმენტები არაა მყარი. არ აქვთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. ბევრჯერ გვქონდა შეხვედრა ბ. გიგასთან. როგორც აკადემიურ სივრცეში, აუდიტორიის ფორმატში დისკუსია, ასევე უნივერსიტეტის ფოიეშიც. თუმცა ვერცერთხელ ვერ დაგვარწმუნა მან ამ გადაწყვეტილების რაციონალურობაში და ვერც იმ საეჭვო გარემოებებზე ვერ გვცემს პასუხს.

ადმინისტრაციის თანამშრომლები და ბ-ნ გიგა სტუდენტების მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებდა. და არანაირ დათმობებზე არ მოდიოდნენ, ისინი მხოლოდ ჩვენ დარწმუნებას ცდილობდენ და არა მოსმენას და ჩვენი შეხედულებების გაზიარებას. მათ განაცხადეს, რომ ჩვენი მთავრი მოთხოვნა, რომ აღდგეს სტატუს კვო არ დააკმაყოფილეს, შესაბამისად სტუდენტები მივედით იმ უკიდურეს ზომამდე, რომ დავიწყოთ შიმშილობა, რათა ჩვენი მოთხოვნები და ინტერესები იყო გათვალისწინებული, ჩვენი განათლების მიღების პროცესში, რათა არ შეგვეზღუდოს ხარისხიანი და პროგრესული განათლების მიღება, რომელიც უნდა იყოს მორგებული სტუდენტებზე და არა “საბჭოების” ვიწრო ინტერესებზე.

ჩვენ ასევე მივმართეთ განათლების მინისტრს, რომ დაინტერესდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების დაცვა უწევთ საპროტესტო აქციებით, პერფომანსებით. სტუდენტებმა მოვითხოვეთ რექტორის გადაყენება ვინაიდან იგი არის “საბჭოების” და “ინტელიგენციის” რექტორი და არა სტუდენტების, ვინაიდან სტუდენტების ხმა მისთვის უმნიშვნელოა.

ის არ გადადგა თანამდებობიდან, ამიტომაც დავიწყეთ შიმშილობა, პირველ ეტაპზე. შიმშილობდა 15 სტუდენტი, ხოლო დღეს დილით კიდევ 5 სტუდენტი, ნაწილი კი უბრალოდ აპროტესტებს, შიმშილობის გარეშე. დღეს დილით რექტორი მოვიდა სტუდენტებთან და გვთხოვა, რომ შეგვექმნა სამუშაო ჯგუფი, რათა ეს მიმდინარე პროცესი დარეგულირდეს და რაიმე კონსესუსამდე მივიდეთ. სტუდენტები ამ წინადადებას დავთანხმთით, რათა ჭირვეული ბავშვის პოზა არ გამოგვივიდეს, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენ შეხედულებებს. თუმცა გიგა ზედანიას გადადგომა კვლავ მოთხოვნად რჩება! ”

ავტორი: ანა ურუშაძე

გაზიარება