მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს, რომელიც მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება.

ამას “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა განმარტა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად შეიქმნება.

“წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა

და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი უფლებების დაცვა“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

Please follow and like us: