დროდადრო, ფართო აუდიტორიისთვის სხვადასხვა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ხდება ცნობილი. ამ ადამიანებს იყვარებენ, გულშემატკივრობენ და, თუკი ის გამორჩეულად მღერის, მუდმივად უსმენენ კიდეც. არც ისე დიდი ხანია, მუდმივად უსმენენ ნოდარიკო ხუციშვილს. ქართველი მსმენელის უდიდესი ნაწილისთვის ის პროექტ “მხოლოდ ქართულის” საშუალებით გახდა საინტერესო.

დაიბადა თბილისში და, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, სწორედ დედაქალაქში გაიზარდა. მისი ბავშვობაც სხვა ბავშვების ბავშვობის მსგავსი იყო – ბაღი, სკოლა… მიაჩნია, რომ საინტერესო ბავშვობა ჰქონდა, რადგან თბილ და კარგ გარემოში იზრდებოდა მიუხედავად იმ რეალობისა, რაც მაშინ ქვეყანაში იყო. მის ცხოვრებაში არ ყოფილა ეტაპი, რომელსაც, შესაძლოა, გამორჩეულად ეწოდოს მისი პირველი მუსიკალური ნაბიჯები. დღეს კი, ნოდარიკოს ძალიან ბევრი მიიჩვევს მუსიკოსად – საკუთარი ინდივიდუალიზმის, გამორჩეული მუსიკალური გემოვნების, შესრულების ხარისხისა და იმ პიროვნული მახასიათებლების გამოც კი, რაც მსმენელს არ გამოეპარება.

რა როლი აქვს ქართულ მუსიკას შენს ცხოვრებაში?

ბევრი მაგარი ქართველი კომპოზიტორი გვყავს, ბევრი მაგარი ქართული მელოდია არსებობს. მგონია, ქართულ მუსიკასა და ქართულ სიმღერას ყველანაირი შანსი აქვს იმისთვის, რომ დროს გაუძლოს. მას იმდენად დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ დღესაც შეიძლება, ბევრი მაგარი რაღაც გაკეთდეს ქართულ ენაზე. მეც ვცდილობ, ქართული სიმღერა ხშირად ვიმღერო. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. ყოველდღე ყურსასმენებით დავდივარ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. სიმღერის შინაარსსა და მელოდიას შეუძლია, კარგი ხასიათიდან ცუდ ხასიათზე გადამიყვანოს და – პირიქით.

ნოდარიკოს გამორჩეული მუსიკალური ჟანრი არ აქვს. რაღაც კონკრეტულს არც უსმენს და არც მღერის. “რასაც ვუსმენ, ფაქტობრივად, ყველაფერი მომწონს. რა თქმა უნდა, მე თვითონ ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ თუკი სადმე რაიმე შანსი იქნება, რომ სხვადასხცა ჟანრში ვიმღერო და ემოცია მუსიკით გამოვხატო, ყოველთვის ვცდილობ. მუსიკა გართობაა, სიამოვნებაა. შენ თვითონ რომ მღერი, ამით სხვაც ერთობა, სიამოვნებას იღებს. თუმცა, პირველ ყოვლისა, მომღერალი თავად იღებს სიამოვნებას. სწორედ ამიტომ გადადის ეს ემოცია მსმენელზე”.

მუსიკის გარდა, რით ხარ დაინტერესებული?

ძალიან ბევრი რამით ვარ დაინტერესებული და ამის უდიდესი წილი დედაჩემის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვობაში, სანამ ყალიბდები და თვითონ მიხვდები, რა გაინტერესებს, იმ ადამიანებმა გაგიჩინონ ინტერესი, რომლებიც შენ გარშემო არიან. ისინი ცდილობდნენ, მათი ყველა ინტერესი ჩემთვისაც გაეზიარებინათ. ფოტოგრაფიაზე შემიყვანეს, თხილამურებზეც… დღემდე ძალიან ბევრი რაღაცისადმი გამომყვა ინტერესი. გვიანი არასდროს არაფერია. “მხოლოდ ქართულშიც” მაგიტომ გავედი. ძალიან მიყვარს კულინარიაც. მგონია, რაც უფრო მეტი რამისადმი გაქვს ადამიანს ინტერესი და შეგიძლია, მარტო დარჩე საკუთარ თავთან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი, რაღაცნაირად, გაერთიანდა ჩემს ცხოვრებაში და ტურიზმის მიმართ ჩემს ინტერესში აისახა – უცხოელები ჩამომყავს საქართველოში და ვათვალიერებინებ ჩვენს ქვეყანას. ისე გამოვიდა, რომ მთის სიყვარულიც, ფოტოგრაფიაც და ყველაფერი გაერთიანდა. ამიტომ, დღესდღეობით, ჩემი საქმიანობაა ტურიზმი – გიდობა, ტურების დაგეგმვა და საქართველოს გარშემო მოგზაურობა. ამით ძალიან ბევრ რამეს ვიგებ. მინდა ხოლმე, რომ, რაღაც დოზებით, ყველაფერში ჩავიხედო.

სამომავლოდ, რა გეგმები აქვს?

მინდა, რომ, ტურიზმის სფეროში, უფრო შორს წავიდე. მუსიკალურად, რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით დიდი სტიმული მაქვს. საინტერესო იქნება, თუკი, ჩემს მუსიკოს მეგობრებთან ერთად, ძველს ახლად გადავაკეთებთ, თვითონ დავწერთ მუსიკას და ა.შ. მინდა, მეტი კონცერტი გავაკეთოთ, მეტი მუსიკალური წინსვლა გვქონდეს და დაკავებული ვიყო ამ ორი სფეროთი – მუსიკითა და ტურიზმით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: