ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე-ბე“ ასრულებს, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სპორტული სივრცეების მოწყობა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. სამი, სრულიად ახალი მოედნის მოწყობა უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები ახალი სპორტული სივრცეებით ისარგებლებენ. სპორტული მოედნების გარდა, რაიონში ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოებსაც აქტიურად ვახორციელებთ“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ავჭალაში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

Please follow and like us: