სულ რამდენიმე დღის წინ, დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ეროვნული ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს ორი მოჭადრაკე – ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე შეხვდნენ. შეხვედრა, საბოლოოდ, ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სწორედ გამარჯვებული პასუხობს:

ოგორ მიმდინარეობდა ჩემპიონატი?

5-17 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში. მასში მონაწილეობა 16-მა მოჭადრაკემ მიიღო, ოლიმპიური სისტემით. მომიწია ოთხი ეტაპის გავლა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, გავხდი საქართველოს ჩემპიონი.

პირველად მოხდა ის, რომ ეს საჭადრაკო პარტიები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩატარებული პარტიების შემდეგ, მათი ანალიზი მიმდინარეობდა – განიხილავდნენ და მსჯელობდნენ. ძალიან კარგია, რომ ჭადრაკის ფედერაციამ ეს პროექტი წამოიწყო და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება.

ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენი მიღწევების შესახებ..

სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატი მაქვს მოგებული – 12 წლამდე, 14 წლამდე და 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი. ამას გარდა, მოგებული მაქვს რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი სხვადასხვა ქვეყანაში.

იგეგმება თამაში ევროპაში. თქვენ გარდა, მასში მონაწილეობას სხვა ქართველებიც მიიღებენ?

ევროპის ჩემპიონატი მაკედონიაში ჩატარდება. ის მარტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მეც მივიღებ. კიდევ, საქართველოდან მონაწილეობას პირველი სამეული მიიღებს და, ამას გარდა, ალბათ, ფედერაციაც დააფინანსებს.

რა უახლოესი გეგმები გაქვთ ჭადრაკის სფეროში?

ეს ტურნირი, ევროპის ჩემპიონატი, არის ჩემი უახლოესი გეგმა, რომლის ფარგლებშიც უნდა ვითამაშო. შემდეგ უკვე, დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი დ მასშიც ვიღებ მონაწილეობას. ქვეყანა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე, ნორვეგიაში წასვლა მაქვს დაგეგმილი. შემდეგ უკვე სხვა ტურნირებიც იქნება. ზემოჩამოთვლილში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვეტილი მაქვს.

რომ შევაჯამოთ, როგორი მომავალი აქვს ჭადრაკს ჩვენს ქვეყანაში?

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაცილებით მეტი წარმატება აქვთ ქართულ ჭადრაკში. ეს მაჩვენებელი, მამაკაცებში, შედარებით, ნაკლებია. თუმცა, საერთო ჯამში, წინსვლა გვაქვს. თუკი მეტი დაფინანსება და ხელშეწყობა იქნება, წარმატება და წინსვლაც მეტი იქნება. თანამედროვე ქვეყნები, რომლებსაც ფინანსური ხელშეწყობა აქვს, ყველა შედეგს აღწევს. ყველაფერი, მაინც, ფინანსურ ხელშეწყობასთანაა დაკავშირებული. ნიჭიერება ქართველებს არ გვაკლია. საჭიროა მეტი ხელშეწყობა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: