ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, რატი იონათამიშვილის, გუგული მაღრაძის, ენძელა მაჭავარიანის და გიორგი ტუღუშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“;

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

კანონპროექტთა პაკეტი განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებაში. ცვლილების მიხედვით, დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საქართველოს შრომის კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას.

„საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, როგორც დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიციის ერთ-ერთ ელემენტს, თუმცა, ის არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას. ამ ტერმინზე იყო დისკუსიები, თუმცა პრობლემამ, რომელმაც თავი იჩინა საკმაოდ მწვავე სახე მიიღო, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს გარკვეული რეგულაციები, რომელიც ამ პრობლემის უფრო ზუსტ დეფინიციას მოგვცემს და შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისი განმარტებით, გენდერული საბჭოს ფარგლებში განხორციელდა იდეის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა ასახულიყო ეს ინიციატივა საკანონმდებლო სივრცეში. „წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმება მოხდა ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელმაც ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა – ეს არის სახალხო დამცველის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არასამთავრობო სექტორი და რაც მთავარია, საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და მაგალითების გათვალისწინებით ჩვენი პოზიციები ჩამოგვეყალიბებინა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სახალხო დამცველს იურიდიული პირების და ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიერ დისკრიმინაციული შინაარსის ქმედებებზე, იმოქმედოს კომპეტენციის ფარგლებში და განახორციელოს ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ახორციელებს საჯარო სექტორში მოქმედ პირებზე, ხოლო რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.

„შრომის კოდექსში გამოჩნდა დეფინიცია, რომელიც აზუსტებს თუ რა არის სექსუალური შევიწროება, ხოლო მის აღსრულებაზე მონიტორინგი განხორციელებული იქნება სახალხო დამცველის მეშვეობით, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა კერძო სექტორში შესვლის და გარკვეული მონიტორინგის უფლება. ამ კანონპროექტის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატს ისეთი უფლებები ენიჭება, როგორიც საჯარო სექტორში ჰქონდა“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომელიც პირველივე შემთხვევისას ოქმით აფორმებს დარღვევას, გამოწერს სანქციას, რაზეც უკვე დასტურს სასამართლო ახორციელებს.

წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრასთან ერთად, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს, რომელიც დადგენილია „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით“. ამასთანავე, ცვლილებები შედის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას სასამართლოში.

საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმართვიანობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო სამ თვემდე ვადით, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით ეს ვადა გაიზარდა ერთ წლამდე.

გაზიარება