ვფიქრობთ, რომ შევიტანოთ ცვლილება კანონმდებლობაში და სახელმწიფო მიწის მიტაცებასა და სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოებზე პირდაპირ მოხდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონი აცხადებს.
ბაგრატიონი ვერ აკონკრეტებს, როდის შევა ცვლილებები კანონმდებლობაში, თუმცა აცხადებს, რომ იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ახდენენ ინსპექტირებას ქალაქის ათივე რაიონში და სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქმის წარმოება იწყება.
ბაგრატიონის თქმით, არსებული სანქციების მიხედვით, სახელმწიფო მიწაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოებისთვის კანონდამრღვევი პირი 25 ათასი ლარით ჯარიმდება.
რაც შეეხება ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობის ფაქტს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ვის მიერ იყო დაკავებული ეს ტერიტორია ინფორმაცია არ გვაქვს.
ბაგრატიონის თქმით, ისან-სამგორის რაიონის ინსპექტირების ჯგუფმა შემოწმებისას ნახა, რომ ეს მიწა იყო უკანონოდ დაკავებული, „დაკვალვა იყო გაკეთებული და შესაძლოა, იქ სამშენებლო სამუშაოებიც იგეგმებოდა, რაზეც უწყებას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა“.
გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება დემონტაჟის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან.
„ჩვენი უწყება ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად ტენდერი დასრულებულია. მიდის დოკუმენტების დამოწმება და უახლოეს ერთ კვირაში ან ათ დღეში გაფორმდება ხელშეკრულება,“ – განაცხადა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობის შესახებ კახა კალაძემ გასულ კვირას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.