ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონალურ ბიზნესფორუმში – „ღია დიალოგი“ მონაწილეობა მიიღო.

როგორც „თბილისი თაიმსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფორუმს, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, 200-მდე მეწარმე დაესწრო. მეწარმეებს საშუალება მიეცათ ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისათვის, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქმიანობის პროცესში ექმნებათ.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ ლაშქარაძემ მეწარმეებს, ახლახან ამოქმედებულ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნების ავტომატურ მექანიზმზე პრეზენტაცია წარუდგინა და დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ახალი სისტემის მუშაობის პრინციპებისა და მასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნის შესახებ.

„ახალი გამარტივებული სისტემა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო სისტემაში, უპრეცედენტო რეფორმას წარმოადგენს. პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას”, – განაცხადა ლაშქარაძემ.

მისივე თქმით, წარდგენილი დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში უკვე დაბრუნდა.

Please follow and like us: