ბავშვობა არის ის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული და სწორი მიდგომებია საჭირო. დღესდღეობით, სულ ცოტა ხანია, არსებობს წიგნები, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვი თავადაა – ის იქმნება მისთვის და მის შესახებ. „შენია“  2019 წლის 7 დეკემბერს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე.  „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი მფლობელი და მმართველი მენეჯერი, მარიკა წულუკიძე პასუხობს:

რას აწარმოებთ?

„შენია“ მოხმარებელს პერსონიფიცირებულ საბავშვო წიგნებს სთავაზობს, რომლებიც  8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ზღაპარში მშობელი ბავშვის სახელს წერს და ის ხდება მთავარი გმირი.

ჩვენი მიზანი იყო, მოგვეძებნა საშუალება, რომ ყველაზე მარტივად მიგვეტანა ბავშვებამდე ის ღირებულებები, რომლებზეც უნდა დაშენდეს მათი მომავალი; ადრეული ასაკიდან გვესწავლებინა გარე სამყაროზე ზრუნვა, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული; გაგვეღვივებინა მათში სხვებისადმი თანარძნობის, მხარდაჭერისა და დახმარების სურვილი. ამ ყველაფრის საუკეთესო ფორმად პერსონიფიცირებული  საბავშვო წიგნები იქცა.

როგორ იქმნება თქვენი პროდუქტი?

ჩვენ ვართ 2 მეგობარი ბევრი ინტერესითა და ფასეულობით; თუმცა, ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება, ჩვენი საერთო ინტერესებიდან ყველაზე მთავარია. ჩვენი იდეის გახორციელების ინსპირაცია ორი პატარა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, 2 წლის მაშოსა და 9 წლის ნიკოლიზისგანმივიღეთ. თავიდან, ამბავი ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით დაიწყო: ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვური ინტერესები, უცნაური ქცევები და კვინტილიონი კითხვა, რომელზეც თვითონ გვიჭირდა სწორი პასუხების მოძებნა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებდა რაღაც განსხვავებული მიდგომის შემუშვებაზე – ისეთი საშუალების მოძებნაზე, რითაც პატარები უკეთ გაიაზრებდნენ სამყაროს, აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მთლიანად გარემოს, კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას. ამ გზების ძიებამ, პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შექმნამდე მიგვიყვანა.

წიგნებში პატარები თვითონ არიან ზღაპრის მთავარი გმირები, დიდხანს მოგზაურობენ სიკეთისა და სიყვარულის ჯადოსნურ სამყაროში, რაც მათი განვითარების, შემეცნებისა და აღზრდისთვის A, B, C, D ვიტამინებივით მნიშვნელოვანია. ამ მოგზაურობის დროს, ბავშვები თავად სცემენ უამრავ კითხვას პასუხს, დროულად ითავისებენ საჭირო ღირებულებებს, მარტივად სწავლობენ ახალ ჩვევებს და თავს ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებად გრძნობენ.

ჩვენ ვარჩევთ თემებს, რაც ამ ასაკში იჩენს თავს. გავდივართ კონსულტაციებს ბავშვთა ფსიქოლოგებთან.  შემდეგი ეტაპია ზღაპრის ავტორების ინფორმირება, თუ რას უნდა პასუხობდეს მოთხრობა.ისინი წერენ ზღაპრებს, რომლებსაც ისევ  ვატესტირებთ როგორც ფსიქოლოგებთან, ასევე – მშობლებთან. საბოლოოდ, ვიწყებთ ზღაპრის გაცოცხლებას და ამისთვის უკვე საქმეში ერთვებიან ილუსტრატორები.

როგორ შეუძლია მსურველს თქვენი პროდუქციით სარგებლობა?

“შენიას” წიგნების შესაქმნელადჩვენი პატარა მკითხველების დედები, მამები, ბებია-ბაბუები, ნათესავები  უნდა გვესტუმრონ „შენიას“ ვებმისამართზე:  www.shenia.ge. ამ ეტაპზე, ორი წიგნი გვაქს: „წამოდენილი სიტყვა“ და „პატარა ნაძვის ამბავი“. ის, ვინც ქმნის წიგნს, ჯერ ირჩევს წიგნს, მერე ქმნის პერსონაჟს, რომელიც მეტად გავს პატარას. წერს ბავშვის სახელს და, ასევე, პერსონალურ მიძღვნას, რაც ბავშვური მოგონებების სკივრში საპატიო ადგილს დაიკავებს.

ბევრი მომხმარებელი გყავთ?

გვყავს ძალიან ლოიალური მომხმარებლებიი. ამას ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ იმ შეტყობინებებით, რაც იწერება ჩვენს ვებგვერდზე, ელექტრონულ მეილებზე და ფეისბუქზე. ვინც ჩვენი წიგნი ერთხელ შეიძინა, ის ადამიანები ხშირად საჩუქრად, სხვა ბავშვებისთვისაც ქმნიან წიგნებს.

სამომავლოდ, წარმოების გაფართოებას თუ გეგმავთ?

ჩვენ ვგეგმავთ ახალი წიგნების პერიოდულად გამოშვებას. ახლო მომავალში, ჩვენს გულშემატკივრებს ბევრ საინტერესო ზღაპარსა და მოთხრობას ვპირდებით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: