დედაქალაქის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია.

„დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ,აღნიშნული დოკუმენტი თბილისის საკრებულომ ისევ მერიას გადმოუგზავნა, რომ ის ხარვეზები თუ შენიშვნები, რაც იყო მათი მხრიდან, გაგვეთვალისწინებინა. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია, შენიშვნები მიღებულია და დღეს უკვე დოკუმენტს საკრებულოში გადავაგზავნით იმისთვის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება მოხდება და ქაოტური მშენებლობები თავიდან იქნება აცილებული.

„გენგეგმის სრულყოფილებისთვის ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. თავდაპირველად, დოკუმენტთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ვხედავდით. ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია. „სითი ინსტიტუტთან“ ერთად,ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები დაერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მართლაც საუკეთესო დოკუმენტი გვაქვს. ამ დოკუმენტით, რომელსაც საკრებულო მიიღებს, შესაძლებელია თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდან იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, რომელიც დღეს ქალაქში ქაოტური მშენებლობების მხრივ გვაქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გენგეგმის დოკუმენტის გარდა, ქალაქის სწორ განვითარებას ის ისტორიული გადაწყვეტილებაც წაადგება, რომელიც K2 კოეფიციენტის გაუქმებას უკავშირდება.

Please follow and like us: