ტაქსების რეფორმის ფარგლებში,პირველი მარტიდან ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესი დაიწყება, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი ექნებათ  სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება.

„ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელსაც მეორე ეტაპს დავარქმევდი – ეს არის ავტომანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია. პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ამდენად, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები,რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, პროცედურის გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ ამ დასახელებულ ვაუჩერებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების მფლობელები ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე თბილისის მერიის შესაბამისი შეტყობინების სისტემის მეშვეობით  არიან ინფორმირებული.

„ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება“, – განმარტა კახა კალაძემ.

Please follow and like us: