დღეს არის ის საუკუნე, რომელშიც კომუნიკაციისა და ურთიერთობების ბარიერები ბოლომდე გამქრალი თუ არა, მაქსიმალურად შემცირებული მაინც უნდა იყოს. არსებულ რეალობაში, ზოგ ადამიანს შეზღუდული აქვს სმენის, მხედველობის, საუბრის, ან – სხვა უნარები. რაც უფრო მეტად გაიაზრებენ სხვა ადამიანები მათთვის გარკვეული ხელშეწყობის საჭიროებას, ყველას გაგვიმარტივდება, ერთმანეთს ჩვენი აზრები და სურვილები გავაგებინოთ.
არც ისე დიდი ხანია, რაც საწარმო “ჩუ” დაფუძნდა. ის ორიენტირებულია, რომ ჟესტური ენა გაცილებით მეტმა ადამიანმა იცოდეს. „თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სალომე წიქვაძე, “ჩუს” დამფუძნებელი, სამაგიდო თამაშის იდეის ავტორი პასუხობს:
რამდენი ხანია, რაც ეს საწარმო დაარსდა?
არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი სოციალური საწარმო არსებობს ქართულ ბაზარზე. იგი შეიქმნა 2018 წლის დეკემბერში, ფონდ ‘’სიცოცხლის ხეს” მხარდაჭერით. საწარმოს პროექტი გამარჯვებულია საერთაშორისო პროგრამისა Social Impact Award 2018-ის.
რატომ გახდა საჭირო ამ საწარმოს შექმნა?
ბავშვობიდან მსურდა, რომ ყველას გვესწავლა ჟესტური ენა, რადგან ხელი შეგვეწყო თანაბარი შესაძლებლობების გაჩენისთვის და გაგვემარტივებინა კომუნიკაცია სმენის არმქონე პირებთან. თუმცა, ჟესტური ენის შესწავლა არც ისე მარტივია და ვცდილობდი, მომეძებნა გზა, რომელიც საზოგადოებას საინტერესო და სახალისო მეთოდით გააცნობდა ჟესტურ ენას. ეს მეთოდი არის თამაში.
როგორ მუშაობს ის?
სოციალურ საწარმოში ვქმნით სხვადასხვა პროდუქტს, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ჟესტურ ენას. ჩვენ შევქმენით სამაგიდო თამაში ‘’ჩუ’’, რომელიც ამსხვრევს კომუიკაციის ბარიერს – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განვსხვავდებით, რა ენაზე ვსაუბრობთ, ამ თამაშის საშუალებით ჩვენ ყველას გვესმის ერთმანეთის. ‘’ჩუ’’ დაფუძნებულია ყველასათვის საყვარელი თამაშების პრინციპზე და მოთამაშეები მარტივად სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე.
ვისთვის და რა ფორმით არის ხელმისაწვდომი?
სამაგიდო თამაში 6 წლიდან არის რეკომენდებული და საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე – უფროსებისთვის.
ამ ეტაპზე, ჩვენი თამაში იყიდება თბილისის მასშტაბით. მალე, ხელმისაწვდომი იქნება რეგიონებშიც.
რა ძირითად მიზნებზეა საწარმო ორიენტირებული?
სოციალური საწარმოს ძირითადი მიზანია სმენის შეზღუდვის მქონე პირების სოციალიზაციის ხელშეწყობა ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით. ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
დღევანდელი მდგომარეობით, რამდენად წარმატებულად მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას?
მიუხედავად იმისა, რომ საწარმო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მივიჩნევთ, რომ იგი, ამ დროისთვის, საკმაოდ წარმატებულია. ამ მცირე დროის განმავლობაში, ჩვენი თამაში და მისი პერსონაჟი, სახელად “ჩუმენი” ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ჩვენ კი ვეცდებით, მუდმივად შემოგთავაზოთ საინტერესო სიახლეები.
ავტორი: მარიამ ტიელიძე