ბრენდი „ნინიმო“ უკვე მეორე წელია, ქართულ ბაზარზეა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საქმიანობის, მეწაღეობის განვითარებაა. მისი ინფორმაციით, გუნდს აქვს მიზანი, თითოეული პროდუქტი ბრენდის ისტორიას ჰყვებოდეს.

“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “ნინიმოს” დიზაინერი, ნინი მოსულიშვილი პასუხობს:

“ეს ბიზნესი ჩემთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ შემოქმედებითი თავისუფლების ბერკეტია და საზოგადოებაში საკუთარი აზრის დაფიქსირების საუკეთესო საშუალება. ‘’ნინიმო’’ ცდილობს, ქალებს აუმაღლოს თავდაჯერებულობა, მოტივაცია და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში. შესაბამისად, ჩვენი ფეხსაცმლის მომხმარებლები ძალიან ძლიერი და წარმატებული ქალები არიან”.
როგორ იქმნება თქვენი ერთი ფეხსაცმელი?
ფეხსაცმლის დიზაინის შესაქმნელად საჭიროა ინსპირაცია, რომელსაც სხვადასხვა სოციალური თემატიკიდან ვიღებ. იდეა გადმოდის ფურცელზე, შემდეგ კი იგზავნება სამკერვალოში, სადაც პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს ხარისხიანი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფეხსაცმელის შექმნაზე.


რა მეთოდებით ახერხებთ, რომ თქვენ მიერ შექმნილო თითოეული ფეხსაცმელი თქვენს ისტორიას ყვებოდეს?
უამრავი დეტალი ქმნის ჩემს ხელწერას, თითოეული კოლექცია კი ბრენდის ისტორიას ყვება. ეს არის ნათელი ფერები, კლასიკური სილუეტები, კომფორტული კალაპოტები და სხვადასხვა მატერიის დეტალი, რომლისგანაც შედგება ‘’ნინიმო’’…

როგორ ფიქრობთ, წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა?
ჯერ მხოლოდ ორი წელი გავიდა და, როგორც აღვნიშნე, ბრენდმა უკვე მოახერხა ქართველი და უცხოელი ქალბატონების გულის მოგება. ვფიქრობ, როდესაც შენი საქმე გიყვარს და გჯერა შენი მიზნების, იდეა იქცევა რეალობად. შენ მზად ხარ, ყოველ დილით ყველაზე ადრე ადგე და ღამე გვიან დაიძინო, რათა პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობ, უფრო დახვეწილი და ხარისხიანი გახდეს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ,რომ იდეამ გაამართლა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ფეხსაცმელი დღეს უკვე ძალიან ბევრი წარმატებული და ძლიერი ქალის გარდერობშია.

ბრენდში დასაქმებულია 10 ადამიანი. “ნინიმოს” აქვს საკუთარი ფეხსაცმლის სალონი, წარმოება და მარკეტინგის დეპარტამენტი. ამ ეტაპზე, ჩემს გუნდთან ერთად ‘’ნინიმოს’’ მაქსიმალური განვითარებისთვის ვმუშაობ.ვაპირებთ „ონლაინ-პლატფორმის“ შექმნას, საიდანაც ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ ჩვენი ფეხსაცმლის ყიდვა, რადგან, ამ მხრივ, დაინტერესება უკვე ძალიან დიდია. აქვე გეტყვით,რომ 10 მარტს იგეგმება ახალი კოლექციის პრეზენტაცია ‘’ნინიმოს’’ ფეხსაცმლის სალონში, რომელიც მდებარეობს სიმონ ჯანაშიას 10 ნომერში, ხოლო პრეზენტაციაზე მოსულ ნებისმიერ ადამიანს ახალ კოლექციაზე 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: