ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ ნივთებსაც შეუძლიათ დიდი და მავნებელი ზეგაველის მოხდენა. მით უფრო, თუ საქმე ბავშვებს ეხება, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან მიმდინარე მოვლენებისა თუ საგნების მიმართაც, რომელსაც ხშირად იყენებენ ყოველდღიურად. მათ შორისაა საბავშვო სათამაშოები, რომელსაც მეცნიერული დასკვნების მიხედვით, დიდი როლი აკისრია ბავშვების გონებრივი განვითარებისა და გაძლიერების საქმეში. თუმცა გარდა ფსიქოლოგიური ზეგავლენისა, სათამაშოების სწორად შერჩევა, ჯანმრთელობის დაცვის ერთერთი წინაპირობაცაა.
ბავშვები პირით ეხებიან სათამაშოებს, იკვლევენ მას, შემეცნების ინსტიქტით მჭიდროდ ეკონტაქტებიან ნებისმიერი ფორმის თუ ფერის გასართობ საგანს, მათი უვნებლობა კი აუცილებლად უნდა იყოს გაკონტროლებული, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ.
რამდენად უსაფრთხოა საბავშვო სათამაშოები, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება?
ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.
შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც უშუალოდ გააკონტროლებს და დაიცავს საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებასა და მათ უვნებლობას.
„ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი ორგანოების ამოცანები… მათ ზომები უნდა მიიღონ ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა, ადამიანს საფრთხეს უქმნიდეს; გონივრულ ვადაში მისცენ გაფრთხილება რისკის არსებობის შესახებ.“ – ეს არის ამონარიდი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთერთი მუხლიდან, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად დირექტივებს მოიცავს. ამ პუნქტის თანახმად, ჩვენს ქვეყანას ევალება შესაბამისი ორგანოების შექმნა ბაზარზე არსებული პროდუქციის ,მათ შორის სათამაშოების უსაფრთხოების შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა მავნე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა დღემდე არ არის შესრულებული ეს პუნქტი, საკითხის მნიშვნელობა კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება და არც საშიშროებები აყოვნებს .
რა უნდა გაკეთდეს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოების შესამოწმებლად და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროს რეგულაცია, ამ კითხვებზე
„თბილისი თაიმსს“ ესაუბრა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტი თამარ გობეჯიშვილი.
„სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის არარსებობა ნიშნავს ბაზარზე ისეთი ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტების არსებობას, რომელიც იწვევს გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენას, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ინტოქსიკაციას, ალერგიას და ა.შ. ასევე ამ სათამაშოებისგან ზედაპირული დაზიანებების მიღების საშიშროებასაც რასაც საბოლოოდ ბავშვთა ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევებისკენ მივყავართ.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივის მიხედვით, ბაზარზე განთავსებული პროდუქცია უნდა იყოს უსაფრთხო. მაგრამ დირექტივა ამბობს იმასაც, რომ ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო.
გარდა „პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივისა“, არსებობს უშუალოდ სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივა (Toy Safety Directive 2009/48/EC), რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს.
ამ დირექტივით დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნები: რომ სათამაშოს ჰქონდეს EC ნიშანი – შესაბამისობის დეკლარაცია, რომ ის ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ის არ უნდა იწვევდეს გაგუდვას, ასფიქსიას; არ უნდა იყოს აალებადი. ქიმიურ მოთხოვნებში გაწერილია, რომელი ნივთიერება შეიძლება და რომელი არ შეიძლება იყოს გამოყენებული სათამაშოს წარმოებისას, გაწერილია დაშვებული ნივთიერებების ზღვრული რაოდენობა.
ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის მისაღებად რთული გზის გავლა მოუწევს ქვეყანას. თუმცა თუ გავითვალსიწინებთ ევროპის ქვეყნების დახმარებას, მათ ჩართულობას საქართველოში საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საბოლოო შედეგი მალე დადგება და კონტროლის მექანიზმებიც ეფექტური იქნება.

სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით საკანონმდებლო ბაზა საქართველოს არ გააჩნია. პროდუქციის უსაფრთხოებაზე ზოგადი მოთხოვნა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსითაა განსაზღვრული, კერძოდ : „მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას მომხმარებლების უსაფრთხოება და არ განათავსოს ბაზარზე ისეთი პროდუქტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლების უსაფრთხოებას. თუმცა არც ამ კოდექსში და არც სხვა ნორმატიულ აქტში არ არის დადგენილი, თუ ვინ განახორციელებს კონტროლს ამ ვალდებულების შესრულებაზე. სწორედ, კონტროლის არარსებობაა მთავარი მიზეზი, სათამაშოების კუთხით არსებული მძიმე სიტუაციის.

სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და ბაზრის კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. პირველ რიგში უნდა შეიქმნას ან უკვე არსებულ რომელიმე სახ. უწყებას დაევალოს მონიტორინგის/კონტროლის ფუნქია. შემუშავდეს საკანონმდებლო ბაზა, დადგინდეს უსაფრთხოების ნორმები, გაიწეროს ინსტრუმენტული მექანიზმები და ა.შ. რაც თავისთავად დროში გაწელილი პროცესია და შედეგი არაერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყების თანამშრომლობით უნდა იქნას მიღწეული. „
სათამაშოების მავნე ზეგავლენის საშიშროებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ბავშვთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორისაა ამ საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფი „ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი“. სწორედ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბესაძემ უპასუხა „თბილისი თაიმსის“ კითხვებს. გთავაზობთ მის მოსაზრებას.
„ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მწვავეა და სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, გამომდინარე იქედან რომ ნივთიერებები, რომლებიც აღმოაჩინეს სათამაშოებში, ექსპერტების თქმით ბავშვების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ვფიქრობ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას ხისტი და თანმიმდევრული ნაბიჯი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. რა თქმა უნდა,აუცილებელია ამ სფეროს კონტროლი და დარეგულირება კანონის დონეზე, რათა მოსახლეობა იყოს ინფორმირებული აღნიშნული საკითხის შესახებ. ეს სფერო რომ მეტად დარეგულირდეს საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი რომლის მიხედვითაც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ბაზარზე ყველა ისეთი პროდუქტის შემომტანი,რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს.“

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: