ვახტანგ აბრამიშვილი პიანისტია. ამ სფეროში მისი განსაკუთრებული უნარების გამო, ის გერმანიაში ძალიან აქტიურ პროფესიონალურ ნაბიჯებს დგამს. თუმცა, უპირველესად, ის საკუთარი სამშობლოსთვის არის ნიჭიერი და საამაყო პიანისტი.
შვიდი წლის ასაკიდან, ის ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს. 16-17 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ ამ საქმიანობას პროფესიონალურ დონეზე უნდა გაჰყოლოდა. ამ მიმართულებით, ის საკუთარ უდიდეს წარმატებად მიიჩნევს, რომ სწავლა გერმანიაში განაგრძო. შვიდი წლის განმავლობაში, სწორედ ამ ქვეყანაში ეუფლებოდა საყვარელ საქმიანობას. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის მუსიკალურ ღონისძიებასა და ფესტივალში.

“საკუთარი თავი ყოველთვის სპორტში წარმომედგინა. სერიოზულ, პროფესიონალურ დონეზე მივდევდი სპორტს – ვთამაშობდი კალათბურთს. მაგრამ მუსიკის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ, როდესაც უკვე სრულწლოვანი გავხდი, გავყოლოდი ამ საქმიანობას და გავმხდარიყავი მუსიკოსი”.

მუსიკალური სამყაროს სხვა რომელიმე მიმართულებით თუ ხარ დაინტერესებული?
დიახ, რა თქმა უნდა. ბევრი წლის წინ, ვმღეროდი პიონერთა სასახლეში საესტრადო განხრით. შემდეგ უკვე, როდესაც გარდატეხის ასაკი მოახლოვდა და, დროებით, შესვენება მომიხდა, გაცილებით მეტ დროს ვუთმობდი ფორტეპიანოსა და როიალს. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, როიალისთვის ბევრად მეტი დრო დამეთმო.

დღესდღეობით, როგორც პიანისტი, ვახტანგი აქტიურად მართავს კონცერტებს გერმანიაში. როგორც ადრე, დღესაც აქვს მიწვევები. წელიწადში ორჯერ-სამჯერ უწევს ხოლმე კონცერტის გამართვა.

უახლოესი კონცერტი აპრილშია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
დაგეგმილი მაქვს კონცერტები როგორც გაზაფხულზე, ისე – შემოდგომას. პირველი კონცერტი აპრილში მაქვს, გერმანიაში, დრეზდენში. საფორტეპიანო ფორუმზე იმართება ხოლმე, დაახლოებით, კვირაში 3-4 კონცერტი.

გარდა მუსიკისა, რით ხარ დაკავებული?
გატაცებული ვარ სპორტით. ვვარჯიშობ სტაბილურად – თითქმის, ყოველდღე. ვცდილობ, ვიცხოვრო ცხოვრების ჯანსაღი წესით. გარდა ამისა, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი გერმანიაში, რომელთაც, თითქმის, ყოველი ჩატარებული კონცერტის შემდგომ ვსტუმრობ. როგორც წესი, ისინი ჩემს კონცერტებს ესწრებიან, ან , შემდეგ, მე მივდივარ ხოლმე მათთან სტუმრად. რაც შეეხება საქართველოში მყოფ მეგობრებს – სამწუხაროდ, ძალიან ცოტა შემომრჩა იმიტომ, რომ, თითქმის, ყველა, საზღვარგარეთ არის წასული. ბოლო ორი წელიწადია, რაც, უფრო მეტ დროს, ჩემს სამშობლოში ვატარებ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

გაზიარება