დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.
საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა.
ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, “იმედის კლინიკის” უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება ითხოვა.
როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა განაცხადა, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ერთ-ერთი პეტრიწის ქუჩის N5ა-სთან უკვე დაიწყებულია.
თავის მხრივ, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მოქალაქის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცე აუცილებლად მოეწყობა.

Please follow and like us: