საქართველო ბევრი ადამიანისთვის არის საინტერესო ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარი ისტორიის, არამედ – ბუნებისა და უჩვეულოდ დიდი ტურისტული პოტენციალის გამო. ჩვენს ქვეყანაში, არსებობს ტერიტორიები, რომლებიც, ჯერჯერობით, საკმარისად ათვისებული არ არის.

ლეჩხუმი საქართველოს ის ნაწილია, რომელიც პირველ ტურისტულ ნაბიჯებს ახლა დგამს. 21-22-23 მარტს, აქ ინფოტურია დაგეგმილი. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ინფოტურის ორგანიზატორი, ლევან ხმელიძე პასუხობს.

რა მიზნებზეა ორიენტირებული ინფოტური?
თებერვალში, მე გავიარე ტურიზმის ორგანიზაციის ტრენინგები. ამ ეტაპზე, ჩვენ ვაკეთებს ინფოტურს ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, რათა საქართველოში ჩამოვიდნენ ყველაზე აქტიური და წარმატებული ტუროპერატორები. ვაპირებთ, რომ მათ ჩავუტაროთ ინფოტური, გავაცნოთ ლეჩხუმის ტურისტული რესურსი, გავაცნოთ ჩვენი შარშანდელი გამოცდილება, ამ მიმართულებით – ანუ, გავაცნოთ შესაბამისი ტურისტული პაკეტები, რათა ისინი დაინტერესდნენ ამ კუთხით და მათაც შემოიყვანონ ჩვენთან ტურისტები.

ერთი მხრივ, ჩართულია ტურიზმის ადმინისტრაცია, მერია, მუნიციპალიტეტი და გუბერნია. ახლა გვინდა, რომ ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში და, გარკვეულ დონეზე, მონაწილეობა მიიღონ.
ცოტა ხნის წინ, დაანონსდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკეთებს ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზას. ჩვენი აქტივობების მეშვეობით, გამოვაფხიზლებთ ინვესტორებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. ჩვენი ეს ინფოტური ძალიან მრავალფეროვანია.

დეტალურად, როგორ გეგმავთ ამ ინფოტურის ჩატარებას?
ჩვენ ვქირაობთ მანქანას. გაწერილი გვაქვს ორდღიანი პროგრამა. პერიოდი მოიცავს 21-22-23 მარტს. ლეჩხუმს დავარტყამთ წრეს და ავალთ ქულბაქში – აქ, სტუმრებს გავაცნობთ საკალმახე მეურნეობას – ზოგადად, ქულბაქის მეურნეობას. შემდეგ უკვე, გადავალთ ცაგერში და ა.შ. საღამოს კი ვიქნებით ქორენიშში, საოჯახო სასტუმროში.

მეორე დღისთვის გაწერილია მთებში გასვლები – ამას ჩვენ “სათავგადასავლო ტურები” დავარქვით. ეს პაკეტები ძალიან მოთხოვნადია. ამასთან, 10-15 წელია, კონკრეტული ტურისტული კომპანიები საქართველოს ბაზარზეა და საკუთარი პარტნიორებისთვის სიახლეებს ეძებს. მაგალითად, ყაზბეგისა და სვანეთის ტურები უკვე გადათელილი ტურებია. კარგია და ძალიან საინტერესო, მაგრამ, ვინც უკვე მეორედ და მესამედ შემოდის, სხვა ტერიტორიებს ეძებს. ძირითადად, სამი მუნიციპალიტეტის – ლეჩხუმის, რაჭისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს ჩვენს მიზანს.

რა მოსალოდნელ შედეგებზე შეგიძლიათ საუბარი?
უპირველესი მოსალოდნელი შედეგი არის ის, რომ წელსვე, ტურისტულმა კომპანიამ ერთი პაკეტიც რომ გაგვიყიდოს, შემოვიყვანთ 150-დან 200-მდე ადამიანს. დღესდღეობით, 2020 წლის ტურისტული პაკეტები იყიდება. გარკვეული კომპანიები დაგვპირდა, რომ, წელსვე, შემოდგომა მაინც იქნება დატვირთული. ეს, მომავალი წლისთვის, იქნება სტიმული და ტურისტების ნაკადი მასობრივად შემოვა.

მინდა, რომ ძალიან ბევრი დაინტერესდეს და ლეჩხუმში საოჯახო ტიპის არაერთი სასტუმრო გაკეთდეს; ასევე, ბევრი მარანი და ა.შ. ამით მოსახლეობას მიეცემა იმის საშუალება, რომ არსებული რესურსის რეალიზება მოახდინოს, რაღაც შეიძინოს, რაღაც გაყიდოს და მომსახურების დონემ აიწიოს.

თუ გეგმავთ, რომ, სამომავლოდ, საქართველოს სხვა რეგიონებიც მოიცვათ?
ჯერჯერობით, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოვიცვათ. პირველ პრიორიტეტად ჩვენ ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალს ვაყენებთ. ამის იქეთ, ჩვენი მომსახურეობა უფრო მრავალფეროვანი რომ იყოს და მთელი საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს დათვალიერების შესაძლებლობა, აუცილებლად, ჩავრთავთ რაჭასა და ქვემო სვანეთს. ამ დროისთვის, რაჭაში ტურიზმის დონე, შედარებით, მაღალია; ლეჩხუმში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. შარშან, მე ჩავიყვანე 73 ტურისტი და ეს იყო, ჩვენს რეგიონში, მაქსიმალური მაჩვენებელი. ამ ტიპის აქტივობებით, ერთ წელიწადში, ადგილობრივი მოსახლეობა გააქტიურდება – მას გაუჩნდება იმედი, რომ სიახლე, რეალურად, მის რეგიონსაც შეეხო. ადგილობრივები დაინახავენ, რომ ლეჩხუმიც მოთხოვნადია და დაიწყებენ საკუთარი სახლების მოწყობას, ინვესტიციების ჩადებას.

ყველა სოფელს ჰყავს 2-3 მოსახლე, რომელსაც აქვს ბინა თბილისში, ბაკურიანში, ბათუმში… ზუსტად მათთვის იქნება სტიმული, რომ ბინები სხვა რეგიონებში კი არ იყიდონ, არამედ – საკუთარ სოფელში. ამას ისინი გააკეთებენ დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ ეს მათთვის შემოსავლის წყაროც იქნება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: