საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი რაც ურო მეტი მოქალაქე შეძლებს, სამშობლოს სახელი მაქსიმალურად ბევრი სხვა ქვეყნისთვის გახადოს ცნობილი, ასე თუ ისე, მისი ისტორია, ტრადიციები და რეალობა ბევრისთვის გახდება საინტერესო და ხელმისაწვდომი. გიორგი ბენაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც, საკუთარი ინტერესებისა და პროფესიის საფუძველზე, მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მისი სამშობლო ბევრმა გაიცნოს.

ადრეულ ასაკშივე აქტიური ცხოვრების გამო, მას ხშირად ჰქონდა საშუალება, საქართველო მსოფლიოსთვის გაეცნო. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სწორედ გიორგი ბენაშვილი პასუხობს.

რა მეთოდებს მიმართავ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანო?
საქმიანობიდან და პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე, მოგზაურობა და საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობა უკვე დიდი ხანია, ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.
ჯერ კიდევ სტუდენტობის ადრეული წლებიდან, ხშირად მიწევდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა თუ ფორუმში მონაწილეობის მიღება; მათ შორის უმეტესობა კი ისეთი ღონისძიება იყო, სადაც საქართველოდან მხოლოდ მე, ან ჩემი მეგობრები ვიყავით. ეს კი საშუალებას მაძლევდა, რომ ბევრი მესაუბრა ჩვენს ქვეყანაზე და, ბევრი დიდი და წარმატებული ქვეყნის გვერდით, საქართველოს სახელიც ყოფილიყო წარმოდგენილი – რაც მთავარია, სათანადოდ და ღირსეულად.
მოგვიანებით, დავაფუძნე ორგანიზაცია – ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობა და განათლების სფეროში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ამან კი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მომცა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წრეში უფრო მჭიდროდ შევსულიყავი; შესაბამისად უფრო მკაფიოდ და ნათლად წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა.

ცენტრის ფარგლებში, ყოველწლიურად, არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც, ცალსახად, ზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და მისი სახელის უფრო ფართო წარმოჩინებას მსოფლიოს მასშტაბით. ამ ღონისძიებების მიზანი, ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და კულტურული ღირებულებების შესახებ უცხოელებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

რამდენად წარმატებულია შენი ეს მეთოდები?
რთულია საკუთარი საქმიანობის შეფასება. ეს, ალბათ, უფრო დრომ უნდა გააკეთოს. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგებმა სხვა ადამიანების კეთილდღეობა გამოიწვიოს, სხვების ცხოვრება შეცვალოს და უკეთესი გახადოს. ამ მხრივ, ვცდილობ, ჩემი საქმიანობა უფრო გავაძლიერო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სარგებლისმომტანი გავხადო.

შედეგად, როგორია უცხოელების დამოკიდებულება ქართველების მიმართ?
მზარდი გლობალური ტენდენციების პირობებში, ერთი მხრივ, მსოფლიო ყოველდღიურობის დღის წესრიგში, სულ უფრო მცირე ადგილი რჩება პატარა ერებისთვის; მეორე მხრივ კი, იზრდება დაინტერესება იმ ქვეყნებით, ხალხითა თუ საზოგადოებით, რომელიც მსოფლიოს თუნდაც მცირე სიახლეს, ყოველდღიურობისგან განსხვავებულსა და გამორჩეულს შესთავაზებს.

საქართველო იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომელსაც საკუთარი კულტურით, გეოგრაფიითა და ისტორიით ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს დაინტერესებაცა და გაოცებაც. თუმცა, ამისთვის ჩვენი აქტიურობაცაა საჭირო.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ხმა და ინტერესი, რაც შეიძლება, ბევრგან და ხშირად ისმოდეს. ვფიქრობ, საქართველოს თვითმყოფადობის გამტკიცებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: