ბევრი რამ შემშლია, ბევრი ცოდვა ჩამიდენია, შენდობის დღეს ვთხოვ სრულიად საქართველოს შენდობას და მიტევებას ცოდვათა ჩემთა, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესის შემდეგ იქადაგა და სრულიად საქართველოს შენდობა სთხოვა.

„მე ცოდვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 40 წლის მანძილზე ვარ სულიერი მწყემსი ქართველი ერისა. ბევრი რამ შემშლია, ბევრი ცოდვა ჩამიდენია და ამ წმინდა დღეს, შენდობის დღეს ვთხოვ ჩვენ ერს, სრულიად საქართველოს შენდობას და მიტევებას ცოდვათა ჩემთა. მივმართავ ყველა თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც განიცდის თავის ცოდვას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდობას, ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ მეგობრებს, ამხანაგებს, აპატიეთ შეცოდებანი მათნი”,- აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქის თქმით, ყოველმა ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვები და ებრძოლოს მათ.

„ჩვენ დღეს ვდგავართ წინაშე ღვთისა, გაშიშვლებული ცოდვებით, უზრუნველობით, ბოროტი სიტყვიერებით და ვთხოვთ უფალს შენდობას შეცოდებათა ჩვენთა. უფალი ამბობს, რასაცა გახსნით ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს ცათა შინა და რასაცა შეკრავთქვეყანასა ზედა, შეკრული იყოს ცათა შინა. არა არს კაცი, რომელიც ცოცხლობდეს ცხონდეს და არა სცოდოს, შენ მხოლოდ ხარ უცოდველი უფალო. შენი ვარ, მაცხოვნე მე.

დღეს ღრმად უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სულს და დავინახოთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ქმნილება, ხატება ღვთისა. ჩვენ ვართ საყვარელნი ღვთისა. ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვა. უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაი ძმისა ჩემისა. ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, ვხედავთ ჩვენს ცოდვებსა, ვგრძნობთ სიახლოვესა უფლისასა. უფალი უხილავად დგას დღეს წინაშე ჩვენსა და ისმენს ჩვენს აღსარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელმაც შექმნა ადამიანი, ისევე გვაძლევს მადლსა და ძალასა, რათა ვებრძოლოთ ცოდვებს. ღმერთო წმინდაო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა“,-განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

Please follow and like us: