ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, მას ბიზნესი და მასთან დაკავშირებული ყველა მოცემულობა განსაკუთრებულად აინტერესებს გარდა ამისა 18 წლიდან მისი ცხოვრების ყველა ეტაპი აუცილებლად არის დაკავშირებული ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან. უკვე მალევე, საკუთარი პარტნიორის ბიზნეს იდეის წყალობით, მასთან ერთად გახდა წარმატებული კომპანიის თანადამფუძნებელი და შესაბამის მიზნებს ეტაპობრივად აღწევს. „თბილისი თაიმსი“ ახალგაზრდა მეწარმეს, გიორგი ხაჩიძეს ესაუბრა.

ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდი ბიზნესითა და ტექნოლოგიებით. რამ განაპირობა ის, რომ 18 წლის ასაკში ამ ტიპის ინტერესები გქონდა?

ზოგადად, ბავშვობიდანვე, ყოველთვის ბიზნესზე ვსაუბრობდი და ყოველთვის მინდოდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი. ტექნოლოგიებიც ძალიან მაინტერესებდა ხოლმე – მუდამ ვიყავი გატაცებული ახალი მოწყობილობებით და გამოგონებებით – ვნახულობდი და ვადევნებდი მათ თვალს. შემდეგ უკვე, ამ სფეროში ჩემი ინტერესები გააღრმავა „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“. აქ ტრენინგებზე შევიტანე განაცხადი და ორთვიანი ტრენინგები გავიარე. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე – ეს იყო სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა დს მინდოდა, საკუთარი თავი ამ მიმართულებით განმევითარებინა.

ძალიან მიყვარდა ამ საქმის კეთება – გავდიოდით რეგიონებში და ადამიანებს ვაცნობდით , ზოგადად, რა არის 3D პრინტერები. ზუგდიდში, ხარაგაულში და სხვა ქალაქებში ძალიან ბევრი პრეზენტაცია მაქვს გაკეთებული და, ამ კუთხით, ძალიან ბევრი რეგიონიც მაქვს მოვლილი, სააგენტოს ფარგლებში. აქედან მოყოლებული, ყოველთვის ვსაუბრობ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე.

როგორც ვიცი, საკუთარი ბიზნესი გაქვს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?

დაახლოებით, 2 წლის წინ, ძალიან კარგ პროფესიონალთან და გამოცდილ ადამიანთან ერთად დავაარსე კომპანია „Future Laboratory Management“-ი, რომელიც, ძირითადად, საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწეობს და სკოლებსა და უნივერსიტეტებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, მომავლის პროფესიების სწავლების დანერგვასა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში ეხმარება. სკოლებში დავიწყეთ, მე ვიტყოდი, რევოლუციური პროექტი, რაც მოისაზრებს STEAM ინოვაციების განვითარებასა და მომავლის პროფესიების სწავლებას, რომელიც მიმდინარეობს ასევე ჩვენ მიერ შექმნილ ინოვაციური დიზაინითა და პრინციპებით დაპროექტებულ სივრცეებში. მათ გვსურს, რომ მოსწავლეები მოვამზადოთ მომავლისთვის.


რეალურად, დღეს რომ ბავშვი მიდის სკოლაში, ის მას 2031 წელს ამთავრებს. სკოლებში მას ელ.ფოსტის შექმნასა და სხვა მარტივ პროცედურებს ასწავლიან – ისეთ რაღაცებს, რაც, დღევანდელი თაობისთვის, რომელიც სიარულსა და საუბარზე ადრე ტექნოლოგიების გამოყენებას იწყებს, ამ მარტივი რაღაცების სწავლას ხუთი წუთი სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს ღირებული ცოდნა და უნარები მივცეთ – რაც გამოადგებათ ამ თანამედროვე, ტექნოლოგიურ სამყაროში.

ჩვენი პროგრამები გვაქვს შემუშავებული. პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ვასწავლით ინდუსტრიული რობოტების დაპროგრამებას, 3D პრინტერების გამოყენებასა და მსგავს პროფესიებს, ხოლო მაღალ კლასებში, იმისათვის, რომ მათი ცოდნა სწორად გამოიყენონ და ასევე გახდნენ მომავალში დამსაქმებლები, ვასწავლით მეწარმეობასა და საკთარი სტარტაპის შექმნას.
ეს პროდუქტი ჩვენი ინტელექტუალური საკუთრებაა. ახლა უკვე, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ის საქართველოს ბევრ კერძო სკოლაში დავნერგოთ და გავიტანოთ კიდეც. ამაზეც ვმუშაობთ და, ზაფხულისთვის, გარკვეულ სიახლეებსაც ველოდებით.

რა არის შენთვის მოტივატორი, როცა საკუთარი საქმიანობით ხარ დაკავებული?

როდესაც სტარტაპის კონდიციაში ხარ, ანუ ეჭიდები სრულიად ახალ გამოწვევას, რომელზეც ჯერ ძალიან ცოტა ფიქრობს მსოფლიოში, ყველაფერს ნულიდან იწყებ და არაფერი გაქვს გაკეთებული (არც შესაბამისი თანხები გაგაჩნია), ძალიან ბევრი დაბრკოლება გხვდება. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ბავშვებისა და სტუდენტების ბედნიერ სახეებს, რომელიც გამოწვეულია შენ მიერ მიცემული რჩევით, გაწეული დახმარებით, შესწავლილი ახალი პროფესიითა თუ უნარებით ეს მართლაც ძალიან დიდი მოტივაცია, რადგან პირდაპირ ვხედავ ჩემ მიერ გაწეული შრომის შედეგებს. მეც მაქვს გავლილი ბავშვობა და მახსოვს იმ პერიოდში სიახლე მხოლოდ კომპიუტერი იყო, სტუდენტი რომ გავხდი სტარტაპებზეც არავინ მესაუბრებოდა და მინდა, რომ ეს ყველაფერი ახლა ბევრად განსხვავებული იყოს და მათ, ვინც ახლა იწყებს სკოლას ან უნივერსიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა შეიძინონ მართლა ის უნარები და მიყვნენ მართლა იმ პროფესიებს, რომლებიც საჭირო და მოთხოვნადია.

არდა ბიზნესსაქმიანობისა, რით ხარ დაინტერესებული?

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აქტივობების დიდი წილი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. თუმცა, ახალი ადგილების აღმოჩენა, სადაც კარგი ადამიანების გაცნობა არის შესაძლებელი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა – დავდივარ სხვადასხვა ღონისძიებებზე და ვცდილობ მეტი ადამიანი გავიცნო. როგორც ყველას, ისე მეც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად გართობა, ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს და ამით ძალიან ვამაყობ. ძირითადად, ეს არის ჩემთვის მიმზიდველი. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს თვითგანვითარებას ვუთმობ, თუმცა პერიოდულად ჩოგბურთს ვთამაშობ ხოლმე, შეიძლება ჰობადაც ჩავთვალო ეს სპორტი.

ამ კონკრეტულ ეტაპზე, რას საქმიანობ?

ამ დროისთვის, ვმუშაობთ, რომ დავიწყოთ მასწავლებლების გადამზადების პროგრამები. ეს იმიტომ, რომ იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ ვართ, მასწავლებელი არის ძალიან დეფიციტური და გვინდა, რომ, თუ სკოლებს არ შეუძლია, შეიტანოს ტექნოლოგიები, მასწავლებლები მაინც ჰყავდეთ, რომლებსაც შეუძლიათ 21-ე საუკუნის უნარებისა და ცოდნის გადაცემა ბავშვებისთვის;
მეორე მხრივ კი, ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ ის პროცესები, რომლებიც გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ, მუდმივად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი – არასდროს დავარდეს ის ხარისხი და ტემპი, რაც გვაქვს შენარჩუნებილი; ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პროცესი და შევცვალოთ ახალი თაობა, როდესაც ისინი სკოლას დაამთავრებენ. გარდა ამ ყველაფრისა ვემზადები სამაგისტრო გამოცდებისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: