საქართველო რომ ღვინისა და მევენახეობის სამშობლოა, ამის შესახებ ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა. ჩვენს ქვეყანას რომ მრავალწლოვანი ისტორია აქვს, ესეც, ქართველების გარდა, ძალიან ბევრმა იცის. “წინანდლის მამულს” განსაკუთრებული ისტორიული წარსული და საინტერესო აწმყო აქვს. საუკუნეებისა და წლების მანძილზე, მან საკუთარი სავიზიტო ბარათი გამოიმუშავა და დღეს ქვეყნის საუკეთესო საამაყო ნაწილია.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს სოფო კიკვაძე – “წინანდლის მამულის” მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი პასუხობს.
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?
“წინანდლის მამული” არის პირველი მეღვინეობა საქართველოში, რომელსაც თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩაუყარა საფუძველი. ისტორიული ვენახებისა და ქარხნის რეაბილიტაციის შემდეგ, კომპანია წინანდლის მამული ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა; თუმცა, პროდუქცია იმდენად მცირე რაოდენობით გამოდიოდა, რომ მისი რეალიზაცია მხოლოდ ადგილზე, წინანდლის მამულში ხდებოდა.
2016 წლიდან კი უკვე თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ობიექტთან დავიწყეთ თანამშრომლობა – ძირითადად, ჰორეკას მიმართულებით – ანუ წამყვანი სასტურმოები, რესტორნები და კაფეები და, ასევე, ღვინის სპეციალიზირებული მაღაზიები.
რას აწარმოებთ?
ჩვენ ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის ღვინოსა და ჭაჭას. ჩვენი კომპანიის სტრატეგია ეფუძნება ხარისხს და არა – რაოდეობას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ წინანდლის მამული ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მცირე და პრემიუმ ხარისხის მარანია. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, მომხმარებელს ვთავაზობთ არა სტანდარტულ ღვინოს, არამედ – განსხვავებულ კუპაჟებს, როგორიც არის, მაგალითად: ნათელა, 9, საფერავი უსახელოური და ა.შ. ჩვენს ასორტიმენტში, ამჟამად, 15 სახეობის ღვინო, 2 სახეობის ჭაჭა და ხილის არყებია.
“წინანდლის მამულის” ჭაჭა მზადდება ორნახადი უმაღლესი ხარისხის სპირტისგან. ამ ეტაპზე, გვაქვს როგორც საფერავის, ისე – რქაწითელის; ასევე, ლიმიტირებულად, გამოდის კომშის, ჭანჭურის, ლეღვის და თუთის არყები.
რაზეა ორიენტირებული თქვენი ბიზნესი?
ჩვენი ბიზნესი ორიენტირებულია უმაღლეს ხარისხზე, ექსკლუზიურობასა და ქართული ღვინის სწორ პოზიციონირებაზე როგორც საქართველოში, ასევე – ქვეყნის გარეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ უცხოეთში ქართულ ღვინოს ღვინის მოყვარულთა წრეში იცნობდნენ როგორც ხარისხიანს, ასევე – მარტივად შესახამებელს სხვადასხვა კერძთან, რადგან ღვინის შეხამება აუცილებელი პირობაა ღვინის სწორი კულტურის ჩამოსაყალიბებლად. ეს გვგონია, რომ სწორი ფასით, სწორ ბაზარსა და სწორ აუდიტორიაზე სტრატეგიული მუშაობით მიიღწევა.
ძირითადად, ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
ჩვენი მომხმარებელი არის ღვინის ის მოყვარული, ვისთვისაც ღვინის ხარისხი და გემო მნიშვნელოვანია.
მხოლოდ საქართველოს მოიცავთ?
ამ ეტაპზე, ღვინო, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში იყიდება, როგორიც არის შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი და, ახლა უკვე, იაპონიაც.
სამომავლოდ, ბიზნესის გაფართოებას თუ გეგმავთ და რა ფორმით?
ბიზნესის გაფართოებას ჩვენი ინოვაციებით ვგეგმავთ და, რა თქმა უნდა, ასორტიმენტით; თუმცა – არა რაოდენობით, რადგან ექსკლუზიურობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კომპანიის ხედვისა და სტრატეგიისა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე