თუ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წერილობითი ფორმით დაადასტურებს, რომ იგი მომავალში არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს, ჩვენ მზად ვართ, ეს დავა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გორელაშვილის თქმით, გუშინ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომლისთვის არსებული ინფორმაცია იმის თანხვედრაშია რასაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მხარე სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს.

რაც შეეხება მეორე სპეციალისტს როინ მეტრეველს, გორელაშვილის განმარტებით, სასამართლოს გუშინდელ სხდომაზე მან გამოცხადება ვერ შეძლო. შემდგომ სხდომაზე სასამართლო მეტრეველს დაელოდება.

„წერილობითი ფორმით როინ მეტრეველის მოსაზრებები წარდგენილი გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა რადგანაც მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, დააჯეროს სასამართლო, რომ ბატონი როინის მოსაზრებებით, დავით ბაგრატიონი-მუხრანელი წარმოადგენს სამეფო სახლის მეთაურს, უმჯობესი იქნება, საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ აღარ არსებობდეს, ბატონმა როინმაც ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს გაუზიაროს. გუშინ პროცესის დაწყებამდე ახალი ჭორი გავრცელდა, რომელიც საზოგადოებამ აქტიურად აიტაცა იმასთან დაკავშირებით, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა. ეს ისეთი ტყუილი აღმოჩნდა, რომელსაც ფეხები საერთოდ არ აღმოაჩნდა. შუადღეს მოგონილმა ჭორმა საღამომდე ვერ გასტანა. გავრცელებული დეზინფორმაცია საპატრიარქომ საღამოსვე უარყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დნმ-ის ანალიზით ადამიანის გვარის დადგენა არ ხდება.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ემზადებიან 11 აპრილის სასამართლო სხდომისთვის, როდესაც საქმის არსებით განხილვა დაიწყება. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს მხარეებს რა უფლებები გააჩნიათ და საკითხის ძირფესვიანად გამოკვლევა მოხდება.

Please follow and like us: