ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ დიღომში ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც დაზარალებული ოჯახებისთვის ბინებს ააშენებს.

„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება ჩვენ დაწყებული გვაქვს, ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და მოვედით თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. თქვენ იცით, რომ 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ჩვენ მათ პირობა მივეცით, რომ აუცილებლად მოვუგვარებდით ამ პრობლემას.

ცხადია, თავიდან ამის არავის სჯეროდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გაწბილებულები იყვნენ, ხდებოდა დაპირებები და ეს დაპირებები არ სრულდებოდა. თუმცა, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე და ოთხივე ლოკაციაზე გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას განახორციელონ ეს პროექტები და შედეგად 200-მდე დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა ფართები საკუთრებაში, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდეს”,- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება