არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. თუმცა, სხვა საკითხია, რეალურად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ხარჯავენ თანხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ტურიზმის ექსპერტი, მალხაზ ჭეშმარიტაშვილი პასუხობს.
ზოგადად, საქართველოში შემოსულ ტურისტებში, რა ეროვნების ადამიანები ჭარბობენ?
ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები აქტიურობენ. მონაცვლეობით, პირველ და მეორე ადგილს ეს ორი ქვეყანა იკავებს; განსაკუთრებით – აზერბაიჯანი. მათ მოჰყვება რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. ეს არის ძირითადი ხუთეული. მეზობლები არიან და ამიტომ შემოდიან.
ევროპისა და სხვა განვითარებული ქვეყნების აქტიურობის ხარისხი როგორია?
რაც შეეხება ამ ტიპის ქვეყნებს – მათგან საქართველოში ტურისტად შემოსული ადამიანების რიცხობრივი მაჩვენებელი ძალიან დაბალია. უფრო მეტად, ჩვენს ქვეყანაში პოლონელები შემოდიან; შედარებით ნაკლებად – გერმანელები; სხვები – გაცილებით ნაკლებად.
როგორ შეიძლება, შეფასდეს ის ვითარება, რომ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტი შემოდის?
ნებისმიერი შემოსული ტურისტი ქვეყნისთვის შემოსავლის წყაროა. ის არის სხვა საკითხი, რამდენს ხარჯავენ განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები და რამდენს – განვითარებადი სახელმწიფოების მოქალაქეები. ძირითადად, მაინც ეკონომკლასის მოქალაქეები შემოდიან, რომლებიც საოჯახო ტიპის სასტუმროებში ბინავდებიან. ისინი, შედარებით, ნაკლებ თანხებს ხარჯავენ, მაგრამ დიდი რაოდენობით შემოდიან. ეს, პრინციპში, კარგი ტენდენციაა.
თუკი ძვირადღირებული სეგმენტი გაიზრდება (ანუ “მდიდარი” ქვეყნების წარმომადგენლები), რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოცემულობა იქნება.
აქ კიდევ არის სათამაშო-გასართობი ინდუსტრიის მომენტი, რომელიც, ალბათ, მთელს რეგიონში მხოლოდ ჩვენთანაა. მაგალითად, აზერბაიჯანში აკრძალულია კაზინოები და ამ ტიპის დაწესებულებები.
ჩვენს ქვეყანაში ისრაელის საკმაოდ დიდი რაოდენობის მოქალაქეც შემოდის. ძირითადი დატვირთვა თბილისსა და ბათუმზე მოდის. ძალიან გაიზარდა ირანიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვი – პრაქტიკამ აჩვენა შემდეგი ტენდენცია ირანიდან შემოსულ მოსახლეობასთან მიმართებით – ტურისტების დიდი ნაწილი, შემდეგ უკვე, მაცხოვრებლებად იქცევიან ხოლმე – ყიდულობენ ქონებას, რომ საქართველოში წლობით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
რეალურად, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე როგორ აისახება ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები?
ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამდენი ადამიანის მასობრივი შემოსვლა ძალიან დიდ შემოსავალს იძლევა – ასე, 2 მილიარდი მაინც არის. თანხის ეს რაოდენობა საქართველოსთვის ძალიან დიდია და ბიუჯეტზე დადებითად აისახება; ასევე – ვალუტის კურსის სიმტკიცეზე. თუმცა, ყველაფერი ბიუჯეტში არ მიდის.
რა ტენდენციებია, სამომავლოდ, მოსალოდნელი?
მართალია, ჩვენი ქვეყანა ზღვისპირაა, მაგრამ არ მგონია, ამერიკიდან ჩამოვიდნენ და აქ დაისვენონ. საქართველოში ინფრასტრუქტურაა გასავითარებელი.
ექსტრემალური ტურიზმი, მეტ-ნაკლებად, გავითარებულია, მაგრამ ყველა ხომ ამ მიზნით არ ჩამოდის? ზოგს სასიამოვნო გარემოსა და სიმშვიდეში სურს დასვენება.
საჭიროა, ასევე, სასტუმროს ქსელის გავითარება. უნდა ითქვას ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტი ძალიან იზიდავს ეკონომკლასის ტურისტებს იმიტომ, რომ ფასები იაფია.
ავტორი: მარიამ ტიელიძე