გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემგურჯაანის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს – ნერგის ფორმირებას, კულტივირებას, სარწყავი სისტემის მოდერნიზებას გაეცნო.

მალხაზ ჩუგოშვილი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7.3 ჰა-ზე კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24,944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18,325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6,565 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,414,767 მილიონ ლარს შეადგენს.

აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,562 ჰა მიწის ფართობზე. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება