სოციალური განვითარება ბავშვსა და დედას, მამას, ან სხვა მუდმივ მზრუნველს შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთობის დამყარებით იწყება. ამ ძლიერ, ხანგრძლივ, სოციალურ-ემოციურ ურთიერთობას მიჯაჭვულობა ეწოდება. ვინაიდან ბავშვებს არ შეუძლიათ თავის გამოკვება და დაცვა, მიჯაჭვულობის ყველზე ადრეული ფუნქცია ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ სახეობაში ახალშობილს ავტომატურად ებეჭდება მეხსიერებაში პირველივე მოძრავ ობიექტი, რომელსაც ის ხედავს, ან რომლის ხმაც ესმის ამას იმპრინტინგი ეწოდება. იმპრინტინგი სწრაფად ხდება განვითარების კრიტიკულ პერიოდში და ძნელია მისი შეცვლა. იმპრინტინგის ასეთი ავტომატურობა ზოგჯერ შეიძლება პრობლემური იყოს. ეთოლოგმა კონრად ლორენცმა აჩვენა, რომ ადამიანის გაზრდილი ბატის ჭუკები ადამიანს მიეჯაჭვებიან და არა თავიანთი სახეობის რომელიმე წარმომადგენელს. საბედნიეროდ, ბუნებრივ პირობებში ბატის ჭუკები, დაბადებისთანავე პირველად, უმეტესად, სხვა ბატებს ხედავენ. ადამიანის შვილი ნაკლებად არის დამოკიდებული

ინსტინქტურ მიჯაჭვულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მრავალ სამშობიარო სახლში მიჯაჭვულობის განვითარების წახალისებას ახალშობილის
დედის მუცელზე მოთავსებით ცდილობენ.

ადამიანებს ბავშვისა და მოზრდილის კავშირის გასამყარებლად უფრო რთული სიგნალები ესაჭიროებათ. ჩვილის მიერ გამოცემული მიახლოება-დაშორების სიგნალები _ როგორიცაა: ღიმილი, ტირილი, ბგერების გამოცემა _ როგორც ჩანს, თანდაყოლილი ქცევებია, რომლითაც ჩვილი აგებინებს სხვებს, რომ ყურადღება მიაქციონ. მიჯაჭვულობის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მერი ეინსვორსის და მისი კოლეგების შემუშავებული უცნობი სიტუაციის ტესტი. ერთ-ერთ პირველ სტანდარტულ ეპიზოდში ბავშვი სათამაშოებით სავსე უცნობ ოთახში შეჰყავთ. დედის თანდასწრების პირობებში ბავშვს საშუალება ეძლევა, უკეთ შეისწავლოს ოთახი და ითამაშოს. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში უცნობი ადამიანი შემოდის, ესაუბრება დედას და უახლოვდება ბავშვს. შემდეგ დედა ტოვებს ოთახს. ხანმოკლე განშორების შემდეგ დედა ოთახში ბრუნდება, დედა და შვილი ხვდება ერთმანეთს და უცნობი გადის. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ტესტზე ბავშვების რეაქციები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:
მყარად მიჯაჭვული ბავშვები ოთახიდან მშობლის გასვლაზე გარკვეული დისტრესით რეაგირებენ. მისი დაბრუნების შემდეგ კი სიახლოვისკენ, კომფორტისკენ და კონტაქტისკენ ისწრაფვიან და თანდათანობით უბრუნდებიან თამაშს.

არამყარად მიჯაჭვული განრიდებადი ბავშვები ინდიფერენტულები ჩანან და შეიძლება აქტიურად აარიდონ თავი მშობელს, ან მისი იგნორირება
მოახდინონ.

არამყარად მიჯაჭვული ამბივალენტური/რეზისტენტული ბავშვები ბრაზდებიან და შფოთავენ, როცა მშობელი ოთახიდან გადის; მისი დაბრუნებისას ვეღარ მშვიდდებიან და უბრაზდებიან და ეწინააღმდეგებიან მას, თუმცა, მასთანკონტაქტის სურვილსაც გამოხატავენ.

უცნობი სიტუაციების ტესტის მონაცემებზე დაფუძნებული კატეგორიები პროგნოსტულად ღირებული აღმოჩნდა _ მათ ძალზე ზუსტად შეეძლოთ ბავშვის შემდგომი ქცევის პროგნოზირება მთელ რიგ სიტუაციებში. ეს განსაკუთრებით ეხებოდა იმ საზღვარს/გამყოფს, რომელიც მყარად და არამყარად მიჯაჭვულ ბავშვებს ერთმანეთისგან მიჯნავდა. მაგალითად, გრძელვადიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც 15 თვის ასაკში უცნობი სიტუაციის ტესტში სანდო ან არასანდო მიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელ ქცევას ახორციელებდნენ, სკოლაში ქცევის მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდნენ 8-9 წლის ასაკში 15 თვის ასაკში მყარად მიჯაჭვული ბავშვები უფრო პოპულარულები იყვნენ და ნაკლებად შფოთავდნენ საზოგადოებაში თავიანთი ადგილის გამო, ვიდრე მათი არამყარად მიჯაჭვული თანატოლები. ადრეულ წლებში მიჯაჭვულობის ხარისხისა და შემდგომი ქცევის ასეთივე კავშირი გამოვლინდა 10 წლის ბავშვებსა და მოზარდებში ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ მიჯაჭვულობის ხარისხს, რომელიც უცნობი სიტუაციების ტესტით გამოვლინდა, ნამდვილად გრძელვადიანი შედეგები აქვს.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: