“Kollektiv”-ის ქართულმა გუნდმა ესპანური ღვინის, “გურუს” ბრენდინგის საშუალება მიიღო. რეკომენდაციის საფუძველზე დაწყებული შესაბამისი პროცედურები საინტერესო სამუშაო პროცესამდე მივიდა.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს “Kollektiv”-ის არტდირექტორი, გიორგი კალმახელიძე პასუხობს.

“გარუს, ესპანური ღვინის ბრენდის კონცეფცია, კოლექტივისა და მარმალადსის საერთო მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა”.

როგორ მოხდა, რომ ესპანური პროდუქტის ბრენდინგზე თქვენ მუშაობთ?

ჩვენი “გარუსთან” თანამშრომლობა ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურებაა, რომელმაც, კომპანიის მფლობელებთან საუბრისას, ჩვენს კომპანიას რეკომედაცია გაუწია. ნამუშევრების ნახვის შემდგომ, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს. სამუშაო პროცესიც სწორედ აქედან დაიწყო.

როგორ მიმდინარეობდა შესაბამისი პროცესები?

კონცეფციის შექმნის პროცესში დამკვეთმა მაქსიმალური თავისუფლება მოგვცა. მთავარი იდეის ძიება იმ ადგილისა და კულტურის კვლევით დაიწყო, სადაც Garu-ს ქარხანა და ვენახები მდებარეობს. ეს არის La Rioja-ს პროვინცია სამხრეთ ესპანეთში, რომელიც ცნობილია ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიციით.

ლოგოტიპის შესახებ რას გვეტყვით?

ლოგოტიპი რამდენიმე იდეას აერთიანებს. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ შევქმენით უნიკალური ფონტი. რაც შეეხება საერთო ფორმას – იგი La Rioja-ს გერბის ფორმას იმეორებს, ხოლო ლოგოტიპის ზედა ნაწილი გერბში გამოსახული გვირგვინის ჩვენეული ინტერპრეტაციაა. ლოგოტიპის შიდა ხაზები არაგონის დროშის გამოხატულებაა, რომელსაც ესპანეთის გერბშიც ვხვდებით.

რაც შეეხება პატერნს. მასში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფორმა, ლოგოს ქვედა ნაწილის მოხაზულობა. ამ გზით მივაღწიეთ პატერნზე მუშაობისას დასახულ მიზანს – გამოგვეყენებინა ლოგოტიპის ელემენტი, რათა არ დაგვერღვია სტილისტიკა და პატერნი ლოგოსთან ჰარმონიაში მოგვეყვანა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბრენდის ვიზუალური იდენტობა სრულიად ორგანულია როგორც La Rioja-ს პროვინციისთვის, ასევე – ესპანური კულტურისთვის.
მიღებული შედეგითა და გამოხმაურებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: