საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბი, – ამ სახელწოდებით სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუსვიქი“ აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი მიიჩნევს, რომ 2019 წელს გამოცდილი მოგზაურებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება.

„თბილისთან და ბათუმთან ერთად, მოგზაურების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს წინანდალი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მიიჩნევდნენ ღვინის კულტურის სამშობლოდ.“ – წერს „ნიუსვიქი“.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 8000 წლის წინ შემუშავებული ღვინის დაყენების მეთოდები, არათუ დაივიწყეს, არამედ დღემდე იყენებენ და ბევრი კომპონენტით შეიძლება მსოფლიოში საუკეთესოდაც კი მივიჩნიოთ“, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში ენოლოგი ენდრიუ ჯეფორდი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისიდან 70 კილომეტრში მდებარე წინანდალი, სულ ცოტა ხანში ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ესპანეთისთვის ბილბაოა.

„რაც ბილბაომ გააკეთა ხელოვნებისთვის, ამას კლასიკური მუსიკისთვის გააკეთებს წინანდალი იმ კულტურული ფესტივალით, რომელიც 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი“, – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში მოგზაურობა აუცილებლად თბილისით უნდა დაიწყოს.

„თბილისი უკვე რახანია იქცა ჰიპსტერების დამაკავშირებელ ადგილად. ჩვენ არ ვსაუბრობთ 2000-იან წლებში დაბადებული ადამიანების თაობაზე, არამედ 1995 წლის შემდეგ დაბადებულ მოგზაურებზე. მათ მოსწონთ პატარა ქუჩები, შუასაუკუნეების ეკლესიები და ისტორია, რომელიც აქ ყველგანაა. მათ მოსწონთ, რომ თბილისი ჯერ არ არის გადავსებული ტურისტებით. ისინი სადილობენ კაფეებში და ღამის წვეულებებს აწყობენ, რა დროსაც აუცილებლად მიირთმევენ ჭაჭას“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ტურისტებს ურჩევს, მოინახულონ ვერაზე მდებარე სასტუმრო „სტამბა“ და ნარიყალას ციხესიმაგრე.

„შემდეგ მოიქეცით ისე, როგორც თბილისელები იქცევიან – ესტუმრეთ იმ ცნობილი გოგირდის აბანოებიდან ერთ-ერთს, რომელიც გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარეობს“,- წერს „ნიუსვიქი“.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამის შემდეგ მოგზაურებმა უნდა გადაინაცვლონწინანდალში, რომელსაც ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრ დიუმამ „სამოთხის ბაღი“ უწოდა.

„წინანდალი მეთერთმეტე საუკუნიდან გახლდათ ევროპის მთავარი კულტურული ცენტრი, ხოლო თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავის სახლი მეცხრამეტე საუკუნის ქართულის კულტურის ცენტრად გადააქცია. არ გაგიკვირდეთ, თუ გაერო წინანდალს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს,“ – ნათქვამია სტატიაში.

წყარო: 1tv.ge

Please follow and like us: