ბათუმში დელფინის მოკვლისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 10 მარტს, ბათუმის სანაპიროსთან ნაპოვნი იქნა მოკლული დელფინი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს“. – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: