საქართველოში ყოველი მე-7 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. 2018 წლის მონაცემებით კი ოჯახში ძალადობის 9179 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მხრივ, რეალობა, შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიკულია, ამასთანავე მონაცემებში მოიაზრება მხოლოდ გამჟღავნებული შემთხვევები და გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მსხვერპლნი ამოჯიბინებენ სიჩუმეს და შესაბამისად ეგუებიან არსებულ, მძიმე ვითარებას.
თუმცა, არაფერია შეუძლებელი! მთავარია გამბედაობა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თითოეულ ადამიანს, განურჩევლად სქესისა, აქვს უფლება იყოს თავისუფალი და იბრძოდეს საკუთარი ბედნიერებისათვის. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ნია ვაშაკიძეს ესაუბრა, რომელიც მაგალითია მათთვის, ვინ ჯერ კიდევ ვერ ბედავს ხმის ამოღებას და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებას.
პირველ რიგში, მოგვიყევით საიდან იწყება თქვენი ისტორია, რომელმაც გაგაძლიერათ
ჩემი ისტორია სათავეს ოჯახის შექმნიდან იღებს, როდესაც გადავწყვიტე ბედი კიდევ ერთხელ მეცადა და ოჯახი მეორედ შემექმნა. ზოგადად ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ხშირ შემთხვევაში კრახს განიცდიან, ამიტომ თავშივე მინდა ვთქვა, რომ ადრეულ ასაკში ოჯახი ადამიანმა არ უდნა შექმნას. დღეს ბევრისთვის წარმოუდგენელია ის, რომ მე რამდენიმე წლის წინ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მეუუღლის მხრიდან, დაჩაგრული პატარა გოგო, რომელიც სიკვდილ -სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტე წერტილი დამესვა ასეთი ყოფისთვის, გადავკეტე საცხოვრებელი სახლის კარები და დახმარებისთვის პოლიციას მივმართე. არ გავჩერდი მანამ, სანამ პოლიციის მხრიდან სერიოზული რეაგირება არ მოჰყვა ამ ყველაფერს.
როგორ შეხვდნენ ახლობელები თქვენს გადაწყვეტილებას? ითამაშა თუ არა გარკვეული როლი გარშემომყოფების მხარდაჭერამ?
გარშემომყოფნი, რა თქმა უნდა, მამხნევებდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ოჯახის შენარჩუნებას მთავაზობდა და მადანაშაულებდნენ- “ქალი ვალდებულია აიტანოს ქმრისგან ყველაფერი ოჯახის შენარჩუნებისთვისო”, “კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო”, “გაუძელი კაცია და დაგარტყსო”. რა თქმა უნდა, არ დამიჯერებია მსგავსი ბოდვა და ბრძოლა გავაგრძელე, საქმე ბოლომდე მივიყვანე და გავიმარჯვე. ამ ყველაფრის შემდეგ, შევქმენი ოჯახი, დავეუფლე ახალ პროფესიას, გავყევი სპორტს და დღეს ვარ წარმატებული ფიტნეს ინსტრუქტორი. ვარ ჯანმრთელი შვილების ჯანმრთელი დედა. ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ოდესღაც დაჩაგრული ორი შვილის პატარა დედა, დღეს წარმატებული ქალი, მეუღლე და დედაა.
დღეს, სამწუხაროდ, კვლავ არსებობენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, თუმცა ისინი ეგუებიან ამ ფაქტს და დუმილს ამჯობინებენ, რას ურჩევდით მათ?
სამწუხაროდ საქართვლეოში ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი, ისინი ჩუმად არიან, რადგან ეშინიათ. ეშინიათ ყველაფრის, ეშინიათ რომ არ გამოუვათ, ითმენენ შვილების გამო, ჰგონიათ რომ ეს მათთვის უკეთესია, ეშინიათ მარტო დარჩენის, გარშემომყოფთა გაკიცხვის, სცხვენიათ ამ ყველაფრის გამოაშკარავება და ხმამაღლა თქმა. მიჩვეულნი არიან სასტიკ ყოფას….რას ვურჩევ მათ? ბრძოლას, რადგან ბრძოლის გარეშე თავისუფლებას ვერ მოიპოვებ, თავისუფლება კი ღირს ამად. თავის დროზე მეც რომ არ მებრძოლა დღეს სავარაუდოდ ცოცხალი არ ვიქნებიდი, უბრალოდ აღარ ვიარსებებდი, ჩემი შვილები ობლები იქნებიდნენ, ჩემი მშობელი კი ერთადერთ შვილს დაკარგავდა.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლო გეგმები? კარიერულ წინსვლას ვაგრძელებ, სპორტული ფორმიდან ამოვარდნას არ ვაპირებ, ვავარჯიშებ მსურველებს და ვეხმარები მათ გამოიყურებიდნენ მომხიბვლელად და დარწმუნებულები იყვენ საკუთარ თავში. თურმე შესაძლებელია ძალადობის მსხვერპლი გადარჩეს, იყოს ბედნიერი დედა, მეუღლე და ჰქონდეს კარიერული წინსვლა, რომ არა ,,მე” ეს ყველაფერი უბრალოდ არ იარსებებდა.
ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი