შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით ყველაზე მეტი საქმე 2015 და 2016 წლებში აღიძრა, 21 და 15 საქმე, ხოლო 2012 წელს – 13 საქმე. 2006-2011 წლებში კი ამ მუხლებით გამოძიების დაწყების მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემთხვევა ფიქსირდებოდა. მონაცემები მოიცავს, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებებს.
აღსანიშნავია, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლები).
თუმცა ბევრს საუბრობენ ამ საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობასა და სისუსტეზე. იმ ფონზე, როდესაც სოციალური ქსელით ხშირად ვრცელდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოები, არსებობს საშიშროება რომ დაუცველი ცხოველების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდეს.
არის თუ არა საკმარისი არსებული სანქციები საკმაოდ მასშტაბური პრობლემის მოსაგვარებლად და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ცხოველების უსაფრთხოების დასაცავად, ამ და სხვა კითხვებზე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრის თავმჯდომარე თამარ აქუბარდია.
„ვფიქრობ, რომ რეგულაციის არარსებობა იწვევს ამ სფეროში მოსახლეობაში თვითშეგნების ძალიან დაბალ დონეს. როდესაც არ არსებობს არანაირი კანონი, რა თქმა უნდა, ხშირი იქნება ძალადობა ცხოველებზე და დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გააღრმავებს პრობლემას. დღევანდელი მოცემულობით ერთადერთი კანონი რაც გვაქვს 459-ე მუხლი ვერ უზრუნველყოფს დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯას, რადგან მუხლი გაუმართავია და არ არის კონკრეტიზაცია, თუ რა არის წამება ცხოველის. შესაბამისად ვიღებთ მკვდარ მუხლს, რომელიც წლებია არ მუშაობს. თუ ჩვენ გვინდა მაღალი შეგნების ჰუმანური საზოგადოება გვყავდეს, რაც უსაფრთხო სოციალურ გარემოს შექმნის, საჭიროა სისასტიკეს კანონით გაეცეს პასუხი და სასტიკი ქცევა იყოს შეფასებული სათანადოდ.
როცა თვალს ვხუჭავთ – ძაღლია და რა მოხდა- ვერ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანში სისასტიკე და სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები უკვე დევს. რატომ უნდა მოგინდეს საცოდავი ცხოველის წამება? იმიტომ, რომ ესე იგი გაქვს დიდი აგრესია დაგროვილი და განმუხტვას ამ აგრესიის ახდენ ცხოველებზე. შემდეგ ასეთი ხალხი გადადის აუცილებლად ადამიანზე და თავად ფონიც, რა მოხდა მერე ძაღლია და ამის გამო ხომ არ დავიჭერთ, ასევე პრობლემაა ფსიქოლოგიურად. ესეიგი ასეთი ხალხიც ვერ აცნობიერებს რა არის სისასტიკე და რა ნორმა ხომ? აქ მივდივართ უკვე საზოგადოების პრობლემასთან და არა მხოლოდ რამდენიმე აგრესორის. ჩემი აზრით, სწორედ საზოგადოების ნაწილის მენტალობაა აქ დიდი პრობლემა, რომელიც ვერ მიიჩნევს დანაშაულად ცხოველის წამებას და დიდ პრობლემად და სწორედ კანონის არარსებობამ ჩამოაყალიბა ეს მენტალობა.
ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია და მისასალმებელი. წლების წინ საერთოდ არც იცოდნენ პოლიტიკოსებმა ძაღლი და კატა რა არსება იყო და დასუფთავების სამსახურს ეკუთვნოდა მათი პრობლემის მოგვარება, თუმცა, ჩემი აზრით, ახალი ინიციატივით მკვდარ მუხლს მიემატება ახალი მკვდარი წინადადება თუ არ იქნება კონკრეტიზაცია დანაშაულის. გარემოს დაცვის კომიტეტში როგორც შეგვპირდნენ დაიწყება საგაზაფხულო სესიაზე ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, სადაც გაწერილია ყველა ის მუხლი, რის საფუძველზეც იმუშავებს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და საჭიროა იმ კანონის მიღება, რაც შეიძლება მალე და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ცხოველთა დაცვის სფეროში სერიოზულად დიდი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ცივილიზებული მსოფლიოსკენ და კიდევ ერთხელ მივუახლოვდებით ევროპულ სივრცეს.
ძალიან კარგია სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც საჭიროა კონსულტაციები ცხოველთა უფლებადამცველებთან აღნიშნულ ინიციატივაზე. პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ ცალკე სისხლის სამართლის მუხლში შესატანი ცვლილებაა გაწერილი ცხოველთა ორთაბრძოლების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში გადის ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა, პროპაგანდა და ორგანიზება. ახალ ინიციატივაში არაფერია ნახსენები ამ საკითხზე, რაც სერიოზული პრობლემაა. თუ ჩვენ ვამბობთ, ცხოველის წამება არის ეს და ეს და ვსჯით ადამიანს, ხოლო მეორე მომენტში არ განვიხილავთ სისასტიკედ როგორ აგლეჯინებენ საკუთარ ძაღლებს ადამიანები ფულის და სანახაობის გამო, ეს მგონი არასწორია და მიუღებელი ხომ? აი ეს შენიშვნა გვაქვს ცხოველთა უფლებადამცველებს ამ ინიციატივასთან და საჭიროებს დიალოგს და ჩვენი ლოგიკური და დასაბუთებული არგუმენტების გათვალისწინებას.
სხვათაშორის ძალიან კარგად დაიწყო საქმიანობა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ ამ კუთხით. ჯერ ერთი უნდა აღინიშნოს ძალიან ეხმარებიან ცხოველთა მოყვარულებს უბნის ცხოველების მოვლა-პატრონობაში და ხელს უწყობენ ყველანაირად სტერილიზაცია-კასტრაცია იქნება ეს თუ ცხოველების ვეტერინარული დახმარება, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. თავად მოსახლეობის დიდი ნაწილიც ჩართულია უბნის ძაღლების და კატების მოვლაში, კასტრაცია სტერილიზაციის და ვაქცინაციის საკითხებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია უპატრონო ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად. ბევრი სხვადასხვა პროექტი ჩაატარეს მათ, რომელიც ასევე უწყობს ხელს საზოგადოებაში მენტალიტეტის და ცნობიერების ამაღლებას. ასევე თავშესაფრის მუშაობის მხრივ აქვთ საკმაოდ კარგი შედეგები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, თუმცა საქართველოს სხვა რეგიონებში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. არ არსებობს არც ნორმალური თავშესაფრები და არც საზოგადოების ინფორმირების არანაირი გეგმა. პრობლემა იმაშია, რომ თავად გამგებლებს თუ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აქვთ სურვილი და მზაობა ინფორმაციის მიღების და თანამშრომლობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ასევე აღრმავებს პრობლემას.
თბილისში როგორც იქნა გაიაზრეს თანამედროვე დასავლური შედეგზე გათვლილი გრძელვადიანი გეგმა ჰუმანური მეთოდებით პოპულაციის მართვისთვის, რეგიონები ჯერ კიდევ შორს არის ამისგან, რაც როგორც რეგიონებში ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ისე დედაქალაქშიც ვერ აგვარებს საკითხს. ანუ წრეზე სიარულს ჰგავს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, უნდა იყოს სერიოზული მოთხოვნა ცენტრალური ხელისუფლებისგან და დასვან ეს ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დედაქალაქის მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და ერთად დაგეგმონ სამოქმედო გეგმა, რაც დედაქალაქში წარმატებით მიმდინარეობს. ანუ საჭიროა იძულებითი მოთხოვნა,რომ მოუსმინონ საქმეში გარკვეულ ადამიანებს და თავიდან არ დაიწყონ ველოსიპედის გამოგონების ილუზიის შექმნა. დრო იკარგება და ფინანსური თუ სამოქალაქო რესურსი იყრება წყალში უაზროდ წლების განმავლობაში და ერთ ადგილას ვდგავართ მაინც. ეს არაპროფესიონალიზმი უნდა დასრულდეს, არ გვაქვს ამხელა ფუფუნება არც ფინანსურად, არც დროის მხრივ.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ცხოველთა არასათანადო მოპყრობა, მათი წამება ან ჩაგვრა ეს არის სერიოზული პრობლემა თავად საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო საშიშია ასეთი ქცევის დაუსჯელობა. კანონი და მკაცრი აღსრულება ზრდის საზოგადოებას და აძლევს უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სამართლიანობა და სიკეთე უნდა დავიცვათ კანონით. ჩემთვის პირადად მთავარი იდეა ჩემი ამ სფეროში ყოფნის ეს არის, დავიცვათ სუსტები და დაუცველები, ამით დავიცვათ სიკეთე და ადამიანობა. ჩვენი ვალია დავინახოთ პრობლემა დასაწყისშივე და მოვახდინოთ რეაგირება და კანონი ერთადერთი გამოსავალია ამის შესაჩერებლად.
ავტორი: ანა ურუშაძე