თბილისის მერია კიდევ 27 ოჯახს საკუთრებაში გადასცემს იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მერის თქმით, აღნიშნული ფართები 27 ოჯახს საკუთრებაში დღეს გადაეცემა.

„ჩვენ პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს და უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ამ ადამიანებისთვის ხელშეწყობა და თანადგომა ხდება მერიის მხრიდან. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს გავაბედნიერებთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ამ 27 ოჯახიდან 22 ოჯახი ცხოვრობს მუხაძის ქუჩის მიმდებარედ. დანარჩენი 5 ოჯახი ცხოვრობს პოლიტიკოვსკაიას 47 ნომერში, ვარკეთილის მესამე მიკრო-რაიონში, ჟორესის ქუჩა 13-ში, მუხიანის დასახლების 1-ლი მიკრორაიონის 1-ელ კორპუსში და ოცხელის ქუჩის 4 ნომერში. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო ის, რომ ეს საცხოვრებელი ფართები მათ უკვე საკუთრებაში აქვთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: